თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბოლო სემესტრელების დამამთავრებელი გამოცდები

თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბოლო სემესტრელების დამამთავრებელი გამოცდები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის მეთორმეტე სემესტრის სტუდენტებს დამამთავრებელი გამოცდები დაეწყოთ. ბოლო სემესტრელების ცოდნა ფასდება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა - OSCE) გამოცდით.

დამამთავრებელი გამოცდები, ტესტური - საგამოცდო ცენტრში, ხოლო OSCE  - კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ეტაპობრივად მონაწილეობას 400-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს. 

სტუდენტების კლინიკურ უნარებს რეალურ სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შეაფასებენ. OSCE-ის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთო აკადემიური შედეგების შეფასებაზე.

გამოცდის პროცესი მოიცავს სხვადასხვა სახის სიმულაციურ 12 სადგურს, სადაც სტუდენტები სიმულაციურ პაციენტებთან  სამედიცინო ამოცანებსა და კლინიკურ მანიპულაციებს ასრულებენ.

საგამოცდო საკითხები წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: 

შინაგანი მედიცინის და გერიატრიის საფუძვლები;

კლინიკური უნარების მულტიდისციპლინური სიმულაცია;

საოჯახო მედიცინა;

კლინიკური ფარმაკოლოგია;

კლინიკური რადიოლოგია.

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE) სერტიფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მიზნად ისახავს სტუდენტების კლინიკური მზადყოფნისა და პროფესიული კომპეტენციის სრულფასოვნად შეფასებას.