2024 წლის 16 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-12 სემესტრელი სტუდენტი, ნინო კიკვაძე სტაჟირებით პლევენის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტსა და ოსტრავის (ჩეხეთი) უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სტუდენტმა ორ პრესტიჟულ სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა კლინიკური გამოცდილება მიეღო ზემოთაღნიშნულ უნივერსიტეტებში.
სტაჟირება პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში (ბულგარეთი)
თსსუ-ის სტუდენტი ნინო კიკვაძე ბულგარეთში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.
ორთვიანი სწავლების პერიოდში მან სტაჟირება გაიარა შინაგანი მედიცინის, მეანობა-გინეკოლოგიის, ქირურგიის, ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტებში. სტუდენტი აქტიურად მონაწილეობდა კლინიკურ საქმიანობაში, პაციენტთა გასინჯვაში, მათი სამედიცინო ისტორიის განხილვასა და მკურნალობის მეთოდების დაგეგმვაში.
აღსანიშნავია, რომ სტაჟირების ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტმა საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი ნაშრომი შინაგანი მედიცინის სექციაში საუკეთესო მოხსენებად დასახელდა.
სტაჟირება ოსტრავის უნივერსიტეტში (ჩეხეთი)
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის სტუდენტი ნინო კიკვაძე პირველი ქართველი სტუდენტია, რომელმაც ოსტრავის უნივერსიტეტში, ჩეხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა. ერთი თვის განმავლობაში მან პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა მეანობა-გინეკოლოგიის, შინაგანი მედიცინის, ქირურგიისა და ინფექციური დაავადებების დეპარტამენტებში.
ყოველდღიურად სტუდენტი, მორიგე ექიმებთან ერთად, ახორციელებდა შემოვლას, ესწრებოდა კონფერენციებსა და პაციენტების მართვის პროცესს. სტაჟირების განმავლობაში ნინო კიკვაძეს ექიმები დეტალურად უხსნიდნენ მათ მიერ პრაქტიკაში განხორციელებულ მკურნალობის მეთოდებს.
საერთაშორისო სტაჟირებების შედეგი და პერსპექტივა
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო კიკვაძე აღნიშნავს, ორივე პროგრამაში ჩართულობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც. მისივე თქმით, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობამ ახალი კარიერული შესაძლებლობები გაუჩინა და ცოდნის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისკენ უბიძგა.
„მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს ამ უნიკალური შესაძლებლობებისთვის," – განაცხადა ნინო კიკვაძემ.
როგორც სტუდენტმა აღნიშნა, მისი მიღწევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.