თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

თსსუ-ის მიკრობიოლოგიის პროფესორი თამარ დიდბარიძე ბალკანეთის კლინიკური ლაბორატორიების ფედერაციის 32-ე შეხვედრაზე და რუმინეთის ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის XI კონფერენციაზე ძირითად მომხსენებელად  და მიკრობიოლოგიის სესიის თამჯდომარის სტატუსით წარდგა.

ღონისძიება ჩატარდა ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო ფედერაციის (IFCC), ევროპის ლაბორატორიული მედიცინის ფედერაციის (EFLM) და რუმინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით.

კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა ბიოქიმიის, იმუნოლოგიის, ჰემატოლოგიის, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და მიკრობიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, კლინიკურ პრაქტიკაში ლაბორატორიული სერვისების განვითარებაზე.

თსსუ-ის პროფესორმა წარადგინა მოხსენება თემაზე – „საავადმყოფოში შექმნილი ინფექციების მონიტორინგი ახალი თაობის სექვენირების გამოყენებით“, რომელმაც დამსწრე სპეციალისტების დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული და პოსტერული სესიები, ვორქშოფები და მოკლე კურსები, სადაც მონაწილეობდნენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები. 

თსსუ-ის წარმომადგენელი ასევე იმყოფებოდა in-vitro დიაგნოსტიკის ინდუსტრიის გამოფენაზე, სადაც გაეცნო მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების გაციფრულების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

მისი თქმით, ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილეს სამომავლო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.

„ფორუმზე მიღებული ახალი ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად აისახება ჩემს პროფესიულ საქმიანობასა და თსსუ-ის სასწავლო პროცესში,“ – განაცხადა პროფესორმა თამარ დიდბარიძემ.