თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ, მილანში გამართულ სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists – ICD) 69-ე კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
მარინა მამალაძე ICD-ის წევრია 2013 წლიდან, ხოლო მიმდინარე წელს კონგრესში მონაწილეობდა არა მხოლოდ, როგორც ICD-ის ევროპის სექციის რეგენტი, არამედ როგორც ორგანიზაციის საერთაშორისო საბჭოს კანცლერი.
კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ICD-ის წევრები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი – ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორები, სხვადასხვა კლინიკის ექიმები და ახალგაზრდა სტომატოლოგები.
კონგრესის სამუშაო პროგრამა ICD-ის ევროპის სექციის აღმასრულებელი საბჭოსა და რეგენტთა საბჭოს სხდომებით დაიწყო. მონაწილეებმა მოისმინეს ევროპის სექციის პრეზიდენტის, პროფესორ მაურო ლაბანკას, ევროპის სექციის რეგისტრარის, დოქტორ მარკ ვრაითის, ICD Digest Europe-ის რედაქტორის, მაიკლ თომასის, ასევე ICD-ის დისტრიქტთა რეგენტების ანგარიშები. ორგანიზაციის განვითარების სამომავლო ხედვები წარადგინა ICD-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა ხოსე როდრიგესმა.
რეგენტთა საბჭოს სხდომაზე ევროპის სექციის პრეზიდენტმა, პროფესორმა მაურო ლაბანკამ, 2029, 2030 და 2031 წლების ევროპის სექციის პრეზიდენტობის კანდიდატები წარადგინა, რომელთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა მამალაძე. რეგენტთა საბჭომ კანდიდატურებს კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა. აღნიშნულ წლებში სწორედ ეს კანდიდატები უხელმძღვანელებენ ICD-ის ევროპის სექციის საქმიანობასა და კონგრესების ორგანიზებას.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამა თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალურ საკითხებს დაეთმო. განხილული იყო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები სტომატოლოგიაში, კრიზისული სიტუაციების მართვა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე პირის ღრუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, რისკ-ფაქტორებისა და კლინიკური ნიშნების საკითხები.
კონგრესის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ICD-ის ჰუმანიტარულ საქმიანობას. მონაწილეებმა მოისმინეს ესპანელი, პორტუგალიელი და ხორვატი კოლეგების პრეზენტაციები ინდოეთის ქალაქ კალკუტასა და საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავდა მოწყვლადი, იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების ხელშეწყობას.
ICD-ის ევროპის სექციის კონგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ახალი წევრების ცერემონია იყო - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ნ. ჭუჭულაშვილი და თ. სულაძე სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის წევრებად მიიღეს. მათ გადაეცათ წევრობის სერტიფიკატები და კოლეგიის სამკერდე ნიშნები.
კონგრესის დასასრულს გამოცხადდა ICD-ის ევროპის სექციის საიუბილეო, 70-ე კონგრესის ჩატარების ადგილი და თარიღი. ღონისძიება 2027 წლის 18–20 ივნისს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება.