თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი ICD (სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის) საბჭოს სხდომაზე ქ. ლაიდენში

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი ICD (სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის) საბჭოს სხდომაზე ქ. ლაიდენში

2022 წლის  12 მარტს ჰოლანდიის ქალაქ ლაიდენში სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ევროპის განყოფილების რეგენტთა და ვიცე-რეგენტთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც  ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე. აღსანიშნავია, რომ იგი ICD-ის მე-15 სექციის, რომელიც აერთიანებს ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, ვიცე-რეგენტია.

შეხვედრა მიჰყავდათ ICD-Europe-ს პრეზიდენტს, პროფესორ ჟილ ალკოფორადოსა და განყოფილების რეგისტრარს, პროფესორ მაურო ლაბანკას. 

საბჭოს სხდომაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც  საფუძვლად უდევს ICD-Europe-ს საქმიანობის პოლიტიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეგიაში ახალი წევრების მიღების საკითხს, მათდამი წაყენებული მოთხოვნების კრიტერიუმების გადახედვას და მომავალი კონგრესების ჩატარების ადგილების განსაზღვრას. 

2022 წელს ICD კონგრესი პორტუგალიაში, პორტოში, 8-11 ივნისს ჩატარდება. საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებათა თემატიკა და სპიკერები. ასევე, განხილულ იქნა საკითხი სომხეთისა და აზერბაიჯანის სტომატოლოგთა ICD-ში წევრებად მიღების შესახებ, რაც პროფესორ მარინა მამალაძეს, როგორც კავკასიის რეგიონზე პასუხისმგებელ პირს დაევალა.

რეგენტთა შეხვედრაზე მე-15 სექციის რეგენტის, სერგეი რადლინსკის (რომელიც სხდომას ფიზიკურად ვერ ესწრებოდა უკრაინაში განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო) წერილობითი მოთხოვნაც განიხილეს. რადლინსკიმ მოითხოვა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ICD-ში წევრებად მიღების საკითხის შეჩერება და რუსეთის ფედერაციის მე-15 სექციიდან ამოღება. ამ საკითხზე საბჭომ პროფესორ მარინა მამალაძის მოსაზრება და წინადადებები მოისმინა, რომელიც რეგენტთა ბორდის უმრავლესობის გადაწყვეტილებით მისაღები აღმოჩნდა და გადაწყდა, რომ რუსეთის ფედერაციიდან ახალი წევრების მიღება არ მოხდება, არსებულ წევრებს კი სტატუსი შეუჩერდებათ.