თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლის, ავთანდილ ბაქრაძის ვიზიტი იტალიასა და გერმანიაში

თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებლის, ავთანდილ ბაქრაძის ვიზიტი იტალიასა და გერმანიაში

2023 წლის 29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი,  სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე ქ. პადუას (იტალია) უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,კუნთისა და მობილობის მედიცინის დღეები’’იმყოფებოდა.  

აღნიშნული კონფერენციის სტომატოლოგიის სექციაზე ავთანდილ ბაქრაძე წარსდგა მოხსენებით: „საღეჭი კუნთების ელექტროფიზიოლოგიური აქტივობის თავისებურებები პირით სუნთქვის ტიპის ინდივიდებში“.  

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმ ახალ მიდგომათა წარმოჩენა, რაც დღეს, თანამედროვე პროტოკოლების მიხედვით, პირის ღრუს ტოტალურ რეაბილიტაციაში ფართოდ გამოიყენება. 

პატივად მივიჩნევ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, აღნიშნულ კონფერენციაზე 20 წუთიანი მოხსენებით გამოსვლას და ქართული ორთოდონტიის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე“, - ამბობს ავთანდილ ბაქრაძე.

კონფერეციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სპიკერები, პროფესორები: მაურისიო გონსალეს ბალუტ (მექსიკა), რიკარდო როსატი (იტალია), გაია პელეგრინი (იტალია) და სხვები. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია ,,კუნთისა და მობილობის მედიცინის დღეები’’ მედიცინასა და სტომატოლოგიაში არსებული ფუნქციური პრობლემების წარმოშობის, თანამედროვე შეფასებისა და აღმოფხვრის ეფექტური გზების ძიებასა და დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ეძღვნებოდა. 

კონფერენციის დასრულების შემდეგ, თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი ავთანდილ ბაქრაძე ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესასწავლად ქ.ვიურცბურგის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირებაზე იმყოფებოდა.

3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით განვლილი სტაჟირების ფარგლებში, ავთანდილ ბაქრაძე პროფესორ ანჟელიკა შტელციგაიზენჰაუერის ხელმძღვანელობითა და ხელშეწყობით გაეცნო ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვთა ადრეული მკურნალობის თავისებურებებს დამცავი არტაშნების (კაპების) გამოყენებით, რომლის ანალოგი საქართველოში ჯერჯერობით არ არის.

„ვფიქრობ, იტალიასა და გერმანიაში მივლინების პერიოდში შეძენილ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ, როგორც აკადემიურ პროცესში, ისე კლინიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნავს ავთანდილ ბაქრაძე.