თსსუ-ის პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი აშშ-ში

თსსუ-ის პროფესორ თინათინ ტყემალაძის ვიზიტი აშშ-ში

თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე მიწვევით იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ-იორკის ქალაქის უნივერსიტეტის ქვინს კოლეჯში, ბიოლოგიის დეპარტამენტში (Department of Biology, Queens College, City University of New York), სადაც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სემინარები ჩაატარა.

 ვიზიტი განხორციელდა NIH (National Institute of Health) მიერ დაფინანსებული URISE (Undergraduate Research Training Initiative for Student Enhancement) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლებისა და ტექნიკური სწავლების სფეროში ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას და სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარებას.

ვიზიტის განმავლობაში პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი საფეხურის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წაუკითხა ორი ლექცია ეპიგენეტიკისა და იშვიათი დაავადებების მიმართულებით: „გენეტიკური დაავადებები საქართველოს პოპულაციებში“ და „გენეტიკა და ეპიგენეტიკა კლინიკურ პერსპექტივაში“. ლექციებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. პროფესორი ასევე ეწვია ნიუ-იორკის ქალაქის უნივერსიტეტის უმაღლესი მეცნიერების კვლევით ცენტრს (CUNY Advanced Science Research Center), სადაც შეხვდა ცენტრის დირექტორს, დოქტორ მარკ ჰაუბერს. 

ქვინს კოლეჯის ბიოლოგიის დეპარტამენტში გაიმართა ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრები დეპარტამენტის წარმომადგენლებთან - ასისტენტ პროფესორ მარალ ტაჯერიანთან და ასისტენტ პროფესორ სებასტიან ალვარადოსთან, რომლებიც საქმიანობენ საბაზისო ნეირომეცნიერებისა და ეპიგენეტიკის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ტრანსლაციური კვლევების განხორციელებისა და აკადემიური-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თინათინ ტყემალაძე ასევე იმყოფებოდა იეშივას უნივერსიტეტის ალბერტ აინშტაინის სახელობის მედიცინის კოლეჯში (Albert Einstein College of Medicine, Yeshiva University), სადაც შეხვედრები გამართა ეპიგენეტიკისა და პოპულაციური გენეტიკის დარგის წამყვან სპეციალისტებთან.

შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის ერთობლივი ეპიგენეტიკური კვლევების განხორციელება და იშვიათი დაავადებების შესწავლა საქართველოსა და ნიუ-იორკის იზოლირებულ ქვეპოპულაციებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცოდნის გაზიარებას.