თსსუ-ის პროფესორები და დოქტორანტები ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის (EFIM ) 23-ე კონგრესზე ფლორენციაში

თსსუ-ის პროფესორები და დოქტორანტები ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის (EFIM ) 23-ე კონგრესზე ფლორენციაში

7 ნაშრომი წარადგინეს ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის(EFIM) 23-ე კონგრესზე (ECIMI 2025) თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა. 

ერთ-ერთი ნაშრომის თემა იყო  „პრობიოტიკების გავლენა ინსულინრზისტენტობის მქონე  პაციენტებზე“, რომლის შესახებაც მოხსენება თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა,   პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა წაიკითხა. თსსუ-ის პროფესორი კონგრესის გენერალურ ანსამბლეას წევრის სტატუსით დაესწრო. ის ასევე იყო კონგრესის ფარგლებში გამართული მეტაბოლური ცვლის სექციის სპიკერი და მოდერატორი. სექცია მედიცინის სხვადასხვა სფეროდან 9 მოხსენებისგან შედგებოდა. ძირითადი თემა, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს მეტაბოლური ცვლილებების პრევენცია და  მართვა იყო. თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ყანდაშვილი 2024 წლის სექტემბერში EFIM-ის სამეთვალყურეო საბჭომ ევროპის შინაგანი მედიცინის საპატიო ელჩად აირჩია. ასევე 2024 წელს გახდა ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი საქართველოს თერაპევტთა ასოციაციაც.

‘’ECIMI არის ყველაზე მაშტაბური კონგრესი შინაგანი მედიცინის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს ამ დარგის ყველა სპეციალობას. ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაცია საშუალებას აძლევს პრაქტიკოს ექიმებსა და ახალგაზრდა კოლეგებს გაეცნონ სიახლეებს, საინტერესო კლინიკურ შემთხვევებს, დაესწრონ ვორქშოფებს, შეისწავლონ და გამოიყენონ სპეციალურად მათთვის მორგებული გაიდლაინები ყოველდღიურ საქმიანობაში, განვითარდნენ სამეციერო მიმართულებით. საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი EFIM-ის სამეციერო და კლინიკურ სამუშაო ჯგუფებში, ვორქშოფებში.’’ - განაცხადა თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა. 

კონგრესის ფარგლებში, თსსუ-ის  ასისტენტ- პროფესორი  მაია გოცაძე შინაგანი მედიცინის გაიდლაინების ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (EFIM Guideline WG.) საქმიანობაში ჩაერთო. ამ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს თემაზე: „ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში თრომბოემბოლიის პრევენცია“. კონკრეტულად კი, ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს სახელმძღვანელოს, რომელიც არსებული მასალის კრიტიკულ შეფასებას და პრაქტიკოსი ინტერნისტებისთვის დოკუმენტიის ადაპტაციას გულისხმობს. თითოეულ კონკრეტულ სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობას EFIM-ის აღმასრულებელი კომიტეტი და ეროვნული საზოგადოებები ირჩევენ.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც, კონგრესის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენელი ჩაერთო, ულტრაბგერის სამუშაო ჯგუფია (EFIM’S ULTRASOUND WORKING GROUP). 

‘’სამუშაო ჯგუფის მიზანია Point of Care ულტრაბგერითი (PoCUS) სასწავლო ცენტრების სერტიფიცირება ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის წევრ ქვეყნებში. ამისათვის მზადდება სპეციალური კრიტერიუმების ნაკრები და სტანდარტიზებული PoCUS სემინარი, რომელიც რეგულარულად ჩატარდება EFIM ღონისძიებებზე. EFIM აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე არსებული მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნულ ღონისძიებებზე. იგეგმება ე.წ. „ტრენერების გაწვრთნა“ PoCUS-ის ავტონომიის ხელშეწყობისთვის. EFIM-ის ულტრაბგერითი სამუშაო ჯგუფი მიისწრაფვის ხელი შეუწყოს  ულტრაბგერის (POCUS) გამოყენებას ინტერნისტთა კლინიკურ პრაქტიკაში ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის წევრ ქვეყნებში. განსაზღვრულია  დებულებები თუ რა უნდა იცოდეს ყველა ინტერნისტმა POCUS-ის შესახებ.’’ - განაცხადა თსსუ-ის პროფესორმა თამარ ყანდაშვილმა.

ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის 23-ე კონგრესი 5-8 მარტს იტალიის ქალაქ ფლორენციაში ჩატარდა.

EFIM-ის ყრილობაზე ევროპის შინაგანი მედიცინის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. ეს პოზიცია პროფესორმა ფრედერიკ ვან ვოვერნმა დაიკავა. არჩევნებში მონაწილეობდა 37 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, კენჭისყრაზე 1 ხმის უფლებით.