2019 წლის 25-30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე, ევროკავშირის სამწლიანი (2018-2020) პროექტის- „პროგრესსიო“(POWR030500-00Z090/17) ფარგლებში პოლონეთში ქ. სჩეცინში იმყოფებოდა. პროექტის მიზანია - პოლონეთის უნივერსიტეტებში სწავლების დონის ამაღლება, რომელიც 3 წლის განმავლობაში პროფესორების ყოველწლიურ ვიზიტს ითვალისწინებს.
სჩეცინში პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების პირველი კურსის სტუდენტებისათვის სამედიცინო ფიზიკასა და ბიოფიზიკაში პროფესორმა თამარ სანიკიძემ წაიკითხა ლექციები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის:
1.შესავალი თერმოდინამიკაში და ბიომექანიკაში: ბიოლოგიური პროცესების ფიზიკური პრინციპები და მექანიზმები;
2.სითხეებისა და აირების ბიომექანიკა: ბიოლოგიური პროცესების ფიზიკური პრინციპები და მექანიზმები;
3.ბიოელექტრობისა და ბიომაგნიტიზმის ფიზიკური საფუძვლები.
4.ბიოლოგიური მემბრანები და მემბრანების განვლადობა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების დროს.
5.მემბრანული ტრანსპორტის მექანიზმები (ორმაგი ლიპიდური შრის გავლით): მარტივი დიფუზია, ოსმოსი და ფილტრაცია.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-სა და პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი თამარ სანიკიძე შეხვდა პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ვიცე-რექტორს და მედიცინის ფაკულტეტის დეკანს. შეხვედრაზე განხილული იქნა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების საკითხები.