თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საქართველო ევრაზიის უნივერსიტეტების 2025 წლის სამიტზე წარადგინა. დელეგატის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თსსუ-ის აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.
სამიტის მთავარი თემა იყო „ტრანსნაციონალური კვლევა: ცოდნიდან გლობალურ გავლენამდე“.
ღონისძიებამ შეკრიბა ევროპიდან და აზიიდა 300–ზე მეტი მონაწილე, 50 ექსპერტი სპიკერი და 150–ზე მეტი უნივერსიტეტი და ორგანიზაცია. მასშტაბურ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ტრანსნაციონალური განათლების, საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის და ცოდნის გაცვლის პერსპექტივებზე - იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური და ეკონომიკური პროგრესისთვის მნიშვნელოვანი აქტივობების განვითარებას.
როგორც თსსუ-ის პროფესორი რიმა ბერიაშვილი ამბობს, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპისა და აზიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ასეთ პარტნიორობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში, ერთობლივი კვლევების განვითარებასა და სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაში.
ევრაზიის უნივერსიტეტთა სამიტი 24–25 სექტემბერს ბაქოში გაიმართა Times Higher Education (THE) საერთაშორისო რეიტინგული სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.