თსსუ-ის  ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი შვეიცარიის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (SGV-2019) ყრილობაზე

თსსუ-ის ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტი შვეიცარიის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (SGV-2019) ყრილობაზე

2019 წლის 12-14 დეკემბერს ციურიხში ჩატარდა შვეიცარიის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (SGV) ყრილობა. ყრილობაზე მიწვეული იყო თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის წევრი კარენ მულკიჯანიანი, რომელიც ამავდროულად არის  საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის GALAS-ის პრეზიდენტი და FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის დამკვირვებელი.   

ყრილობა მიეძღვნა 3R-პრინციპის მიღების მე-60 წლისთავს. ღონისძიების თემატიკა მოიცავდა 3 ძირითად მიმართულებას: ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ეთიკური ნორმებისა და ცხოველთა დაცვის დახვეწას; ბიოსამედიცინო კვლევისთვის უახლოესი აღჭურვილობის, ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვას და ცხოველთა ლაბორატორიული მეცნიერების პოპულარიზაციას. ღონისძიების სამეცნიერო ნაწილში მონაწილეობდა 450 ევროპელი, ამერიკელი და კანადელი წამყვანი მეცნიერი. ყრილობის ფარგლებში ორგანიზებული იყო ვივარიუმის და კვლევითი ლაბორატორიების აპარატურა-დანადგარების, პროგრამული უზრუნველყოფის, საკვები და სახარჯი მასალების გამოფენა.  ყრილობის ბოლო დღეს ჩატარდა ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის სხდომა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის ხელმძღვანელობასთან და ევროპის ქვეყნების ლაბორატორიული ცხოველების ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო როგორც საქართველოში ლაბორატორიულ ცხოველებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხი, ასევე FELASA-ს და SGV-ს წარმომადგენლების საქართველოში 2020 წელს დაგეგმილი მეცნირებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  FELASA-ს მენეჯმენტის ბორდის მომდევნო სხდომაზე (2020 წლის 12-16 მაისი, ქ.ტალინი)  საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციას მიენიჭოს FELASA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსი.