თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი პირველსემესტრელებს შეხვდა

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი პირველსემესტრელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი პირველი სემესტრის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი სტუდენტების შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების მოსმენა, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გაცნობა და უშუალო, ღია დიალოგის შესაძლებლობის შექმნა იყო. 

შეხვედრის ფარგლებში პირველსემესტრელებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  გაეზიარებინათ საკუთარი შთაბეჭდილებები, ღიად ესაუბრათ საჭიროებებზე, დაესვათ მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები და პასუხები უშუალოდ შეხვედრის დროს მიეღოთ. 

კითხვები და მოსაზრებები ძირითადად ეხებოდა გაცვლით პროგრამებს, სტიპენდიას, შიდა მობილობას, ასევე ზოგადად სასწავლო პროცესსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას.  შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა, რაც  სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის უშუალო კომუნიკაციისთვის აუცილებელია. 

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სწვალის დაფინანსების საკითხი იყო. შეხვედრის დროს რექტორმა პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ პირობებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირველსემესტრელებმა უშუალოდ რექტორისგან მიიღეს. პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუდენტებს გააცნო, როგორც სასწავლო/აკადემიური პროცესი და სამომავლო გეგმები, ისე თსსუ-ის შემეცნებითი და კულტურული მიმართულებები. თსსუ-ის რექტორმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია თსსუ-ის დასრულებული და მიმდინარე ინფრაქტრუქტურული პროექტების შესახებ. მათ შორის პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა დეტალურად ისაუბრა თსსუ-ის კლინიკებისა და ამ კლინიკებში მოქმედი სასწავლო დეპარტამენტების შესახებ, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სასწავლო საგნები გაიარონ, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და კლინიკური სწავლების ფარგლებში პროფესიული უნარები განივითარონ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ-ის კანცლერი, ვიცე-რექტორები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანები, ასევე თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

პირველსემესტრელებთან შეხვედრა ტრადიციული ხასიათისაა და თსსუ-ის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, მათი მოსაზრებების გაზიარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას ემსახურება.