თსსუ-ის რექტორის ვიზიტი ჩერნივცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ-ის რექტორის ვიზიტი ჩერნივცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 16-18 ოქტომბერს ჩერნივცის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ ტარას ბოიჩუკის  მიწვევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია დაესწრო ჩერნივცის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებსა და უკრაინის სამედიცინო ასოციაციების  გაერთიანების  მსოფლიო ფედერაციის კონგრესს.

მან, თსსუ-ის სახელით, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. დაათვალიერა უნივერსიტეტის ზოგიერთი კლინიკური ბაზა, უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმი. ესაუბრა კოლეგებს და მათ თსსუ-სთან თანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებები  შესთავაზა.  თსსუ-ის რექტორმა მოინახულა 203 წლის ისტორიის  მქონე ჩერნივცის საექთნო სახელმწიფო კოლეჯი, რომლის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოლექსანდრე  კულიკმა და მისმა მოადგილემ,  ქალბატონმა ეფროსინია კუზიკმა გამოთქვეს  თსსუ-ის საექთნო სკოლასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი და მზადყოფნა.

თსსუ-ის რექტორი შეხვდა და ესაუბრა უკრაინის სამედიცინო ასოციაციების თავმჯდომარეს მიკოლა ტუშჩუკს, რომელიც დააკავშირა საქართველოს ექიმთა ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ არჩილ მორჩილაძესთან.

პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ღონისძიებებზე დამსწრე უკრაინელ კოლეგებთან: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ალიონა ტერეშენკოსთან,  უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების ცენტრის დირექტორთან იური ფისუნთან, ვინიცის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორთან სერგეი კლინიჩთან, უცხოური დელეგაციების წევრ კოლეგებთან აშშ-დან, კანადიდან, შვეიცარიიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, უზბეკეთიდან. როგორც თსსუ-ის რექტორმა აღნიშნა:  “ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ტარას ბოიჩუკთან საუბარი ჩვენი უნივერსიტეტების სამომავლო ურთიერთობების შესახებ. დაიგეგმა სამუშაო გრაფიკების შექმნა კონკრეტული მიმართულებებით. Dდაიგეგმა პირველი ღონისძიებაც – 2015 წლის ზაფხულში თსსუ-ის 20 სტუდენტი გაემგზავრება ჩერნივციში საზაფხულო სკოლა-სემინარში მონაწილეობის მისაღებად”.

პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა უშუალო მასპინძლის, შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგის, პროფესორ ტატიანა ილაშჩუკის მიმართ, რომელმაც უდიდესი ყურადღება და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ქართველი სტუმრისადმი.