თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ალექსანდრა არუტიუნიანმა და ლიკა გახარიამ 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამთვიანი სტაჟირება გაიარეს პოლონეთში, ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში.
გაცვლითი პროგრამის განმავლობაში თსსუ-ის სტუდენტები ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კლინიკურ და პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მოიცავდა უშუალო კომუნიკაციას პაციენტებთან, მონაწილეობას კლინიკურ პროცესებში და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. აღნიშნულმა გამოცდილებამ მათ შესაძლებლობა მისცა, პროფესიული და პიროვნული უნარები განევითარებინათ ევროპის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტში.
„სტაჟირების პერიოდი ჩვენთვის პირველი მასშტაბური საერთაშორისო გამოცდილება იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა პროფესიული მოტივაცია და კიდევ უფრო განამტკიცა არჩეული სპეციალობისადმი ერთგულება,“ — აღნიშნეს სტუდენტებმა.
გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის კულტურული თვალსაზრისითაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სტუდენტების განმარტებით, მათ გაიცნეს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტები, რომლებთანაც ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ როგორც პროფესიული გამოცდილება, ისე კულტურული ღირებულებები.