თსსუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება 80 წლიანი ისტორიით

თსსუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება 80 წლიანი ისტორიით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი და 15 საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომი - თსსუ-ის სტუდენტური სასწავლო-სამეცნიერო კონფერენციების 2 თვიანი ციკლი „წარმოაჩინე შენი ფაკულტეტი“ დასრულდა. 

შემაჯამებლი ღონისძიება 16 ივნისს თსსუ-ში გაიმართა, სადაც საუკეთესო ნაშრომების ავტორ სტუდენტებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კონფერენციის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომები საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდება. საუკეთესო აბსტრაქტთა კრებულს კი მაღალ იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალი დაბეჭდავს.

გამარჯვებული სტუდენტები სიმბოლურად ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ყოფილმა ხელმძღვანელებმა  დააჯილდოვეს, რომლებიც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ კონფერენციის შემაჯამებელ შეხვედრას. 

დასკვნითი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა სამეცნიერო ინიციატივების მიმართ. ირაკლი ნატროშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, ავითარებდა და ვინც, საკუთარი წვლილი შეიტანა და შეაქვს სტუდენტური სამეცნიერო ცხოვრების განვითარებაში.

‘’სტუდენტების ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში ეს არის სტუდენტური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი, რაც ხელს უწყობს მათ, როგორც პროფესიონალებისა და მეცნიერების გაზრდას, დახვეწასა და ჩამოყალიბებას. ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ვითარდება,  ძლიერდება, მრავალფეროვანდება, სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების ხარისხი კი იზრდება. დარწმუნებული ვარ, სტუდენტური ნაშრომების ხარისხი კიდევ უფრო დაიხვეწება და უკეთესი გახდება.  ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თსსუ-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მიმართ, სხვა  უნივერსიტეტების  სტუდენტების ინტერესიც იზრდება.‘’ - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

შემაჯამებელი შეხვედრა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ფილმით გაიხსნა, რომელიც ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების დაარსების, განვითარების ეტაპებისა და წლების განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ქრონიკას ასახავს. ფილმი გვიყვება როგორ ვითარდებოდა და რა მასშტაბების სამეცნიერო კონფერენციები იმართებოდა თსსუ-ის სტუდენტების ორგანიზებით და მონაწილეობით. 

ფილმის შინაარსი თავისთავად  ემოციური იყო, თუმცა ემოციები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ, მონაწილოებდნენ და მხარს უჭრედნენ სტუდენტთა სამეცნიერო ცხოვრების განვითარებას, ფილმში მათზე მოყოლილ ისტორიებს  დარბაზიდან უყურებდნენ. 

ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელებმა სიტყვით მიმართეს კონფერენციის მონაწილეებს და სტუმრებს. მათი გამოსვლებიც, ფილმის მსაგვსად, ემოციური იყო, სავსე მოგონებებით და იუმორით. ყოფილ ხელმძღვანელებს, ორგანიზაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, ივლიანე სურმავამ მადლობის სიგელები გადასცა.

სერგო თაბაგარი (ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი 1967-72წწ.): ‘’მადლობა სტუდენტობის გახსენებისთვის. მიმაჩნია, რომ მეცნიერული აქტივობა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია.  მე ძალიან დამეხმარა ჩემს პროფესიულ გზაზე. ბიოქიმიის კათედრაზე გავაკეთე პირველი სამეცნიერო ნაშრომი. ახლაც მაქვს იმ ნაშრომის კვალი. თაგვმა მიკბინა.’’ 

გიორგი ფიჩხაია (ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი 1981-84წწ.): ‘’დიდი პატივია, რომ თემურ ტაბუცაძის შემდეგ მერგო პატივი ვყოფილიყავი ამ საზოგადოების თავმჯდომარე. არჩილ ასათიანი - ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ მაშინდელ სტუდენტებს აქტიური სამეცნიერო ცხოვრება გვქონოდა და ჩვენი კონფერენციები უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო. საკანდიდატო დისერტაციის ერთი მესამედი სტუდენტობის დროს გავაკეთე.‘’

დავით ტატიშვილი (ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი 1984-87წწ.): ‘’სამეცნიერო უნარ-ჩვევების გამომუშავების გარდა, ეს საზოგადოება იყო პიროვნების ჩამოყალიბების ძალიან დიდი სკოლა.’’

დავით ჯიქია (ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი 1992-93წწ.): ‘’ეს არ არის ჩართულობა მხოლოდ მეცნიერებაში. ეს არის გამოცდა, ნაბიჯი მთავარი ღირებულებისკენ, რასაც ქვია ადამიანის სისოცხლეზე ზრუნვა. ‘’

ყოფილმა ხელმძღვანელებმა და აქტიურმა წევრებმა, ივანე თარხნიშვილის სტუნდეტთა სამეცნიერო საზოგადოებას საჩუქრები გადასცეს, მათ შორისაა საზოგადოების 70-იანი წლების მედალი, ნაშრომების კრებულები და იმდროინდელი კონფერენციების მოსაწვევები.

დასკვნით კონფერენციას კიდევ ერთი ემოციური ნაწილი ჰქონდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს უკვე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები არიან. ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მოქმედმა წევრებმა თსსუ-ის პროფესორ მასწავლებლებს მათი სტუდენტობის დროინდელი სამეცნიერო ნაშრომების ნათარგმნი ასლები გადასცეს. 

კონფერენციის მეორე ნახევარში, ღონისძიების მონაწილეებს ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ  წლიური ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ‘’გაცოცხლებული’’ ივანე თარხნიშვილის ვიდეო მიმართვით დასრულდა, სადაც მან სტუდენტებს მეცნიერების გზაზე წარმატება უსურვა.