თსსუ-ის სტუდენტები ჰუმბოლდტის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ

თსსუ-ის სტუდენტები ჰუმბოლდტის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შორენა ბაბუნაშვილი, თინათინ ბუხრაშვილი და ეკატერინე გაჩეჩილაძე სტაჟირების გასავლელად ჰუმბოლდტის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდნენ.

2 თვიანი პრაქტიკული მუშაობის პროცესში სტუდენტები იყვნენ ნეფროლოგიის, ინტენსიური მედიცინის, გადაუდებელი მედიცინის, ზოგადი ქირურგიის და გასტროენტეროლოგიის განყოფილებებში.

„ცხოვრებაში პირველად, სრულიად უცხო გარემოში მოვხვდი. ეს არა მხოლოდ სამედიცინო სფეროსთან, არამედ ენობრივ და კულტურულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მალევე გადავლახე „კულტურული შოკი“ და მივხვდი, თუ რამდენად გამიმართლა, რომ პატარა ქვეყნის წარმომადგენელს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლინიკაში მომიწევდა სწავლა და მსოფლიოს წამყვან ექიმებთან კომუნიკაცია.

განსაკუთრებით მომეწონა ქირურგიის მიმართულება, სადაც ყოველდღიურად ექიმებს ოპერაციის დროს ასისტირებას ვუწევდი. ვისწავლე ის მანიპულაციები, რაც ქირურგიის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. მონაწილეობა მივიღე ოპერაციებში, რომელიც მხოლოდ ერთეული სახით გვხვდება მსოფლიოში და რომელსაც მხოლოდ ჰუმბოლდტის კლინიკა აკეთებს.

მომდევნო თვის განმავლობაში ვიყავი გასტროენტეროლოგიის განყოფილებაში, სადაც რადიკალურად განსხვავებული დღის რეჟიმი გვქონდა. აქ შეგვეძლო ყოველდღიურად მიგვეღო პაციენტები, ჩართულები ვიყავით მათ მკურნალობასა და მართვაში.

ამ ორ რადიკალურად განსხვავებულ განყოფილებაში მიღებული გამოცდილებით საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რა მიმართულებას ავირჩევ  მომავალში _ ცალსახად ქირურგიას. კვლავ მინდა დავბრუნდე გერმანიაში, ვისწავლო და დავაგროვო გამოცდილება, შემდეგ კი ჩემს ქვეყანას წარმატებული ექიმის სტატუსით დავუბრუნდე“, - ამბობს სტუდენტი შორენა ბაბუნაშვილი.

„ვფიქრობ, ჰუმბოლდტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ძალიან გამზარდა, როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად.

აქტიურად ვიყავი ჩართული პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. პირველი თვე გავატარე ნეფროლოგიისა და ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში. აქ შეხება მქონდა თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან, რომლებიც იყვნენ ჰემოდიალიზზე ან ჩატარებული ჰქონდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია. ჩემი მოვალეობა იყო ახალი პაციენტების აყვანა, ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება, ისტორიის დაწერა და შემდგომ წარდგენა ექიმებისათვის ყოველდღიურ კონფერენციებსა თუ შემოვლებზე. საბოლოო ჯამში, ამ ერთმა თვემ ძალიან დიდი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მომცა.

მეორე თვე გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გავატარე. ყოველი ახალი პაციენტების მიღებისას, წინასწარ არ მქონდა წარმოდგენა, თუ რომელი სისტემის პათოლოგიასთან მექნებოდა შეხება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა ყველაფერს.  პაციენტის ფიზიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს ვაცნობდი ექიმებს, შემდეგ კი ერთად ვაფასებდით  მდგომარეობას. ასევე, საშუალება მქონდა გავცნობოდი ექოსკოპიის საფუძვლებს, ვესწრებოდი პრაქტიკული წლის სტუდენტებისათვის განკუთვნილ ყოველდღიურ შეხვედრებს, რომლებზეც შინაგანი მედიცინის სხვადასხვა მიმართულების ექიმები გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას კონკრეტული დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესახებ.

პარალელურად ვეცნობოდი სამედიცინო ჟურნალებში დაბეჭდილ სტატიებს, მიმდინარე სამეცნიერო კვლევებსა და სიახლეებს.

ამ ყველაფერში კი ძალიან დამეხმარა სამედიცინო გერმანული ენის ცოდნა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა კლინიკურ ცხოვრებაში სწრაფ ინტეგრაციაში. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ კარგად დაეუფლონ სამედიცინო ტერმინოლოგიას“, - ამბობს სტუდენტი ეკატერინე გაჩეჩილაძე.


„ძალიან ნაყოფიერი 2 თვე იყო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. პირველი თვე გერმანიის გულის ცენტრში გავიარე (Deutsches Herzzentrum der Charité). ვესწრებოდით რადიოლოგიურ კონფერენციას, სადაც მიმოიხილავდნენ ახალ პაციენტებს და დაგეგმილ ინტერვენციულ ღონისძიებებს. შემდგომ, განყოფილების ხელმძღვანელ ექიმებთან და რეზიდენტებთან ერთად ვიწყებდით ვიზიტებს, რა დროსაც განვიხილავდით პაციენტების ანამნეზს. დღის მეორე ნახევარი ეთმობოდა გამოკვლევებს, ყველაზე ხშირად ვესწრებოდი სონოგრაფიულ და ინტერვენციულ კარდიოლოგიურ გამოკვლევებს. 

შემდეგი ეტაპი მიმღებსა და საოჯახო მედიცინის ამბულატორიაში გავიარე. დღეში დაახლოებით 9 საათს ვატარებდი კლინიკაში. ჩემი ძირითადი მოვალეობა იყო პაციენტის მიღება, ფიზიკური გამოკვლევა და ამ ყველაფრის დოკუმენტირება - ისტორიის დაწერა. შემდგომ, პაციენტს  და ისტორიას წარვუდგენდი ექიმს, რომელთან ერთადაც განვიხილავდი აღნიშნულ შემთხვევას.

გერმანიიდან მეტად თავდაჯერებული დავბრუნდი. ბევრი რამ ვისწავლე, მათ შორის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.  

მინდა, რაც შეიძლება ბევრმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, არა მხოლოდ ცოდნის მისაღებად, არამედ მოტივაციის ასამაღლებლადაც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმ ენის შესწავლაა, რომელი ქვეყნისკენაც გაქვთ გეზი აღებული. თავიდან ყველაფერი რთული ჩანს, თუმცა ახლა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ყველას წარმატებებს გისურვებთ“, - ამბობს თინათინ ბუხრაშვილი.

ცნობისთვის, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 20-ზე მეტი სტუდენტი გადის კლინიკურ სტაჟირებას.