2024 წლის 22 სექტემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი იოსებ პერტაია, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
აღნიშნულ უნივერსიტეტში, სტაჟირების პროგრამის განმავლობაში, იოსებ პერტაიამ გაიარა სხვადასხვა კურსი, მათ შორის: სამეცნიერო ინფორმაცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობა; ბავშვთა და ჩვილთა კვება; ეპიდემიოლოგია; პროექტის მართვის საფუძვლები; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში შერჩეული პროექტების კვლევის მეთოდოლოგია (ECAP, GATS, NHP 2016-2020, MedFake, MetALL); საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები; ჯანდაცვის დაფინანსება. გარდა ამისა, თსსუ-ის სტუდენტი ეწვია ვარშავაში მდებარე სამეწარმეო ცენტრს, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებაში კვების მიმართულებით მიმდინარე ინოვაციურ პროექტებს.
სტუდენტის თქმით, მან შეიძინა არა მხოლოდ აკადემიური და პრაქტიკული ცოდნა, არამედ დაამყარა მჭიდრო პროფესიული კონტაქტები და განავითარა პიროვნული თვისებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი კარიერული განვითარების პროცესში.
„Erasmus+ პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი გამოცდილება ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე. მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა სტუდენტმა იოსებ პერტაიამ.