თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის დიდი წარმატებით დასრულდა სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში - „Jules Allemand Trophy“, რომელიც 13–15 სექტემბერს იტალიის ქალაქ კიეტიში, კიეტი-პესკარას გაბრიელ დ’ანუნციოს სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.
ჩემპიონატის 22-ე გამოშვებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შიდა შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებული 19 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-9 სემესტრის სტუდენტი მელანა მამადაშვილი.
წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა საქართველოსა და თსსუ-ისთვის - „Jules Allemand Trophy“-ის 22-ე გამოშვების გამარჯვებული სწორედ მელანა მამადაშვილი გახდა. საქართველო ჩემპიონატში უკვე მეათედ მონაწილეობდა და ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატებაა.
როგორც გამარჯვებული, მელანა მამადაშვილი გაზაფხულზე ორთვიან პრაქტიკას გაივლის პროფესორ Camillo D’Arcangelo-სთან და მის გუნდთან, კიეტის უნივერსიტეტში.
ჩემპიონატის ფარგლებში სტუდენტებმა და მოწვეულმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ლექციებსა და კონფერენციაში. მათ შორის, თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ ცნობილი იტალიელი სტომატოლოგის, პროფესორ ლორენცო ვანინის (Lorenzo Vanini) ლექციას კბილთა მხატვრულ რესტავრაციაში. ხოლო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ პროფესორები: კამილო დ’არკანჯელო - Camillo D’Arcangelo (იტალია), ლორენცო ვანინი - Lorenzo Vanini (იტალია), დანიელე რონდონი - Daniele Rondoni (იტალია), კატია ჯედეონი - Katia Jedeon (საფრანგეთი), კოღენტინ ლაბუსერე - Corentin Laboisseret (საფრანგეთი), მარია ზიტკევიჩიუტე - Maria Zitkeviciute (ლიეტუვა), ილსე ჰესინგ-ოლსენი - Ilse Hessing-Olsen (დანია), ჰანდე სარ სანჩაკლი - Hande Sar Sancakli (თურქეთი).
მელანა მამადაშვილი ჩემპიონატზე თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ნინო კორსანტიასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტის მწვრთნელის სტატუსით იყო მიწვეული. საერთაშორისო ღონისძიებამ თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს მისცა შესაძლებლობა, უცხოელ კოლეგებთან გაეცვალა გამოცდილება სასწავლო კურსების, სილაბუსების, შეფასების მეთოდების, ჩათვლებისა და გამოცდების შესახებ.
სტუდენტთა საერთაშორისო ჩემპიონატამდე საქართველოში ჩატარდა შიდა სელექცია, რომელშიც მონაწილეობა თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-9 და მე-10 სემესტრის სტუდენტებს შეეძლოთ. თბილისში სტუდენტთა სელექცია, ტრენინგები, მასტერკლასები თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ნინო კორსანტიამ ჩაატარა და მან მოამზადა მონაწილე ჩემპიონატისთვის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-10 სემესტრის სტუდენტებს არჩევით საგნებს შორის აქვთ შესაძლებლობა შეისწავლონ კურსი - „ფრონტალური კბილების მხატვრული რესტავრაციები“. კურსმა სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია, რაც სტუდენტთა გამოკითხვის შედეგებმაც აჩვენა.
ჩემპიონატის 23-ე გამოშვება მომავალ წელსაც ჩატარდება, სადაც საქართველო კვლავ არის მიწვეული ქვეყნების სიაში.