2018 წლის 19-23 ოქტომბერს, ქ. მიუნხენში (გერმანია) ჩატარდა ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის სკოლის (ESMO) მორიგი, ყოველწლიური, მასშტაბური კონფერენცია, სადაც მონაწილეობის მისაღებად მიწვეული გახლდათ თსსუ-ის ვივე-რექტორი, ონკოლოგიის ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.
საერთაშორისო მნიშვნელობის კონგრესი მიეძღვნა ონკოლოგიის ირგვლივ არსებულ ყველა აქტუალურ საკითხს: კანცეროგენეზის, სიმსივნის გენეტიკის, სხვადასხვა ლოკალიზაციის სოლიდური სიმსივნეების და ჰემობლასტოზების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საკითხებს; კონგრესის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიმსივნეთა პრევენციის თემატიკას და პერსონალიზებული მიდგომების როლს დაავადებათა მართვის საკითხებში.
კონგრესის მსვლელობაში ასოცირებულმა პროფესრომა აქტიური მონაწილეობა მიიღო ონკოლოგიურ დაავადებათა თარგეტული მკურნალობის საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებში, დაესწრო პოსტერულ სესიებს, თემატურ ლექციებსა და მოხსენებებს.
„ვფიქრობ, რომ ისეთი ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონგრესებში მონაწილეობა, რომელსაც ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის სკოლა ჰქვია და რომლის სრული წევრი 2007 წლიდან გახლავართ, საშუალებას მაძლევს მუდმივ კომუნიკაციაში ვიყო ევროპის ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოების წამყვან სპეციალისტებთან და მათთან ერთად მივიღო მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ სხავადასხვა პროფილურ ღონისძიებებში“ - განაცხადა ვიცე-რექტორმა.