თსსუ-ის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ყაზახეთში

თსსუ-ის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძის ვიზიტი ყაზახეთში

2018 წლის 1-4 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თსსუ-ის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი კოხრეიძემ, კომპანია Beauty&Health LLP მიწვევით, ქალაქ შიმკენტში (ყაზახეთი), სამხრეთ-ყაზახეთის საოლქო ონკოლოგიურ დისპანსერში ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული მასტერკლასი თემაზე: - Polytech-ის იმპლანტები ძუძუს რეკონსტრუქციაში.

მასტერკლასი-კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ყაზახეთის ონკოლოგიისა და რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ყაზახეთის მთავარმა ონკოლოგმა, აკადემიკოსმა დილიარა კაიდაროვამ.

ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ წარმოადგინა ორი ლექცია, რომელიც ეძღვნებოდა Polytech-ის იმპლანტების გამოყენების გამოცდილებას ძუძუს რეკონსტრუქციაში და თანამედროვე მიდგომებს სარძევე ჯირკვლის ორგანოსშემანარჩუნებელ მკურნალობაში.  ვიზიტის მსვლელობისას, ირაკლი კოხრეიძემ და დილიარა კაიდაროვამ ჩაატარეს  ერთობლივი შემოვლა, გაეცნენ ონკოლოგიური დისპანსერის მუშაობის სპეციფიკას, შეაფასეს პაციენტებისთვის მიწოდებული მკურნალობის შესაბამისობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან.

ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ, ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩაატარა ორი საჩვენებელი ოპერაცია; ონკოპლასტიკური ქირურგიული ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ორივე შემთხვევაში ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციის ჩატარება ონკოლოგიური ქირურგიის პრინციპების სრული დაცვითა და კარგი კოსმეტიკური შედეგით.

სამხრეთ-ყაზახეთის საოლქო ონკოლოგიურ დისპანსერის დირექტორმა საკენ კატბაევმა მადლობა გადაუხადა პროფესორ ირაკლი კოხრეიძეს გაწეული დახმარებისთვის და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.