2024 წლის 21-24 ივნისს ლიმასოლში (კვიპროსი) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) ევროპის სექციის 67-ე კონგრესი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი სტომატოლოგები, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 5 წევრი და 3 მოწვეული მასწავლებელი.
კონგრესზე იმყოფებოდა და ევროპის სექციის რეგენტთა საბჭოს სხდომას დაესწრო თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, რომელიც საქართველოს დისტრიქტის რეგენტი და რეგენტთა საბჭოს წევრია.
სხდომაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მომავალი კონგრესების სამეცნიერო ფორმატი, სტომატოლოგიური განათლების ხელშეწყობა, ჰუმანიტარული აქტივობები, ახალ წევრთა შერჩევის კრიტერიუმები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფორმატი მოიცავდა პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებშიც თსსუ-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 3 პოსტერული პრეზენტაცია.
გარდა ამისა, კონგრესზე გაიმართა სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის ჟურნალის ICDigest პრეზენტაცია, სადაც საქართველოს დისტრიქტის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია დაიბეჭდა.
ასევე, კონგრესის ფორმატში ICD-ის ევროპის სექციაში ახალი წევრები მიიღეს. მათ შორის თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ლიკა მინაშვილი.