თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლუნდის (შვედეთი)  უნივერსიტეტში

თსსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტში

   
   

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე აბზიანიძე, ასისტენტ – პროფესორი,  ეკა კვარაცხელია და მეათე სემესტრის  სტუდენტი კახა ბრეგვაძე იმყოფებოდნენ ლუნდის  (შვედეთი) უნივერსიტეტში. 

მათ დახვდნენ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერების ცენტრის დირექტორი მერაბ კოკაია და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი ზაალ კოკაია. 

პროფესორმა  მერაბ კოკაიამ სტუმრებს დაათვალიერებინა ნეირომეცნიერების ცენტრი, გააცნო მათ სამუშაო პროცესი და მათი კვლევითი ჯგუფის მიღწევები, რომელიც შეეხება ნეიროპეპტიდების და ნეიროტროფული ფაქტორების როლს თავის ტვინის სინაფსური ტრანსმისიების მოდულაციაში და ეპილეპტოგენეზში. 

ამ მიზნით ისინი იყენებენ ტრანსგენურ ცხოველებს, კერძოდ,ინ ვივო ეპილეფსიის ექსპერიმენტულ მოდელებს ინ ვიტრო მიდგომებთან კომბინაციაში (თავის ტვინის ანათლების patch-clamp, ოპტოგენეტიკა). როგორც პროფესორმა მერაბ კოკაიამ აღნიშნა, კვლევების მიზანია ეპილეპტოგენეზის მექანიზმების უკეთ გაგება, რაც მომავალში ეპილეფსიის მკურნალობისას გენურ თერაპიაზე დაფუძნებული ახალი სტრატეგიების შემუშავებას შეუწყობს ხელს.  

პროფესორმა  ზაალ კოკაიამ სტუმრებს გააცნო ღეროვანი უჯრედების სამეცნიერო ცენტრი და ესაუბრა მათ სამეცნიერო მიღწევებზე, რომელიც შეეხება ინსულტის და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის სტრატეგიებს. სამეცნიერო ჯგუფი პროფესორ  ზაალ კოკაიას ხელმძღვანელობით მიზნად ისახავს ფუნდამენტური და კლინიკური კვლევების ერთმენეთთან შერწყმის გზით ნათელი მოჰფინოს თავის ტვინის იშემიური დაზიანების შემდგომი აღდგენის უჯრედულ მექანიზმებს და შეიმუშავოს მკურნალობის ახალი სტრატეგიები თავის ტვინის ფუნქციის აღდგენისთვის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის გზით. 

პროფესორმა ზაალ კოკაიამ სტუმრებს დაათვალიერებინა ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი და გააცნო უნივერსიტეტში სწავლების სპეციფიკა და პრინციპები. 

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მკვლევრები მერაბ და ზაალ კოკაიები ლუნდის უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევიან; არიან არაერთი სადოქტორო  პროგრამის ხელმძღვანელები. უცხოეთში მოღვაწეობის პარალელურად  მერაბ და ზაალ კოკაიებს კონტაქტი არ გაუწყვეტიათ საქართველოსთან. 

ისინი რეგულარულად ჩამოდიან და კითხულობენ მოხსენებებს და ლექციებს, მონაწილეობენ კონფერენციებში, სატელევიზიო გადაცემებში და სხვა,  რითაც სათანადო წვლილი შეაქვთ მეცნიერების განვითარებაში საქართველოში.