თსსუ-ის ხელშეწყობით, ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტის სტუდენტმა ემანუელ ჟოლტმა ქირურგიაში კლინიკური სტაჟირების ორკვირიანი კურსი გაიარა

თსსუ-ის ხელშეწყობით, ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტის სტუდენტმა ემანუელ ჟოლტმა ქირურგიაში კლინიკური სტაჟირების ორკვირიანი კურსი გაიარა

ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით საქართველოში საფრანგეთიდან საერთაშორისო სტუდენტი ემანუელ ჟოლტი ჩამოვიდა. 

ის პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტად ითვლება. სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო კრედიტ მობილობის პირველ ეტაპზე, ემანუელ ჟოლტმა თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკური სტაჟირების ორკვირიანი  კურსი გაიარა.

როგორც სტუდენტი ამბობს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უამრავმა სტუდენტმა გაუწია რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება სტაჟირების კურსი სწორედ საქართველოში გაევლო. მისი თქმით, მოლოდინმა იმდენად გაამართლა, რომ მისი სურვილია კიდევ რამდენიმე კვირით გაიხანგრძლივოს მობილობა.

„საქართველოში მიღებულმა პრაქტიკულმა მუშაობამ კიდევ უფრო გაამყარა ჩემი მიზანი, რომ მე შემიძლია გავხდე კარგი ქირურგი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. 

საინტერესო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში აღმოვაჩინე ქართული კულტურა და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, აქედან გამომდინარე მარტივად ვისწავლე უნარ-ჩვევების მიღება უცხო გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ექიმისთვის, რომ სწრაფად მოერგოს სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფებს.

ეს მართლაც ძალიან კარგი გამოცდილებაა, უკვე 2 კვირაა აქ ვარ. ქირურგია მაინტერესებს და თითქმის ყოველდღიურად ვესწრები ოპერაციებს. სიამოვნებით გავიხანგრძლივებდი აქ ყოფნის პერიოდს“, - აღნიშნა ემანუელ ჟოლტმა.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გია თომაძე ამბობს, ემანუელ ჟოლტმა ქირურგიაში მუშაობის გამოცდილება საქართველოში მიიღო და ის აქტიურად არის ჩართული პაციენტებთან მუშაობაში.

“ჩვენთან მუშაობა სასარგებლო გამოცდილებაა, ვინაიდან მისთვის აქ შედარებით მეტია ურთიერთობა პაციენტთან, მიჰყავს ის გამოკვლევებზე, ამუშავებს, აკეთებს შეხვევებს. ემანუელი ძალიან არის დაინტერესებული ქირურგიით და ითხოვა პრაქტიკის გაგრძელება“, - ამბობს პროფესორი. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის  KA 107 აქტივობის ფარგლებში 2015 წლიდან  ახორციელებს (რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში).