11 ნომინაციიდან და 5 სპეციალური პრიზიდან 6 ჯილდო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასის -‘’ჰიგია’’ - მსახიობებმა მოიპოვეს.
6 - დან სამი ‘’ნიღაბის’’ მფლობელი გიორგი სანიკიძეა. ‘’ხანუმაში’’ შესრულებული მიკიჩას როლით მან სტუდენტური თეატრალური საერთაშორისო ფესტივალის - ‘’ნიღაბი 2024’’ - ჟიურის წევრებიც მოხიბლა და ფესტივალის მონაწილე სტუდენტური თეატრებიც. ამ როლმა, თსსუ-ის სტუდენტს, მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსურებლის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეულისა და მონაწილეთა რჩეულის სტატუსი მოუტანა.
ქალის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ეკატერინე ჭანჭალეიშვილი დაჯილდოვდა. მისმა პერსონაჟმა, მიკიჩას დედამ, ჟიურიზე და მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფესტივალიდან, ქალის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის აღიარება წამოიღო ‘’ჰიგიას’’ სპექტაკლის - ‘’ხანუმა’’ -ერთ-ერთი მთავარი როლის, ხანუმას შემსრულებელმა ფეფე გოგნაძემ. მან თავის პერსონაჟს ინდივიდუალური შტრიხები შემატა და მაყურებელს განსხვავებული ხანუმა აჩვენა. ეს კი, მაყურებელს და ჟიურის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.
შეუმჩნეველი არ დარჩა არც სიკოსა და ნიკოს პერსონაჟების შემსრულებელი მსახიობების გამორჩეული სასცენო ხიბლი. ხვიჩა სებუა და ტატო ზუმბაძე ტრისტან სარალიძის სახელობის გამორჩეული სასცენო ხიბლის მქონე მსახიობის პრიზით დაჯილდოვნენ.
‘’ნიღაბი 2024’’ მეთერთმეტედ გაიმართა. ფესტივალს, დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
წელს პირველად, თსსუ-იმ როგორც მასპინძელმა უნივერსიტეტმა ფესტივალისთვის დააწესა ‘’თსსუ-ის რექტორის სპეციალური ჯილდო’’, რომელიც ყოველწლიური იქნება. ‘’ნიღაბი 2024’’-ზე ამ სიმბოლური ჯილდოს მფლობელი ფესტივალის დებიუტანტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური დასი გახდა.
‘’გადავწყვიტეთ, რომ დავაწესოთ თსსუ-ის რექტორის სპეციალური ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა იმ მონაწილეს, რომელსაც შევარჩევთ. წელს ეს სიმბოლური პრიზი მინდა გადავცე წლევანდელი ფესტივალის დებიუტანტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს.
10 წელზე მეტია ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს სტუდენტურ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს. ეს ჩემთვის, პირადად, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისთვის, ძალიან სასიხარულოა. არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს ჩვენი თეატრის, ჩვენი დასის და ამ ფესტივალის მხარდაჭერას მაქსიმალურად‘’. - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს თეატრისა და ფესტივალის მხარდაჭერისთვის თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: თსსუ-ის კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, ვიცე რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ხათუნა თოდაძე.
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის (ASTA) საერთაშორისო ფესტივალი „ნიღაბი 2024“ 7 აპრილს, ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა.
თსსუ-ის სცენაზე ფესტივალი 8 დღის განმავლობაში გაგრძელდა და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები და შემოქმედების ნამდვილი დღესასწაული შესთავაზა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ:
• საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) – „რობერტო ზუკოს მიხედვით“
• გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – „სულიერი არსებები“
• კავკასიის უნივერსიტეტი – „ბაკულას ღორები“
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თეატრი „ჰიგია“ – „ხანუმა“
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – „ექვთიმე ღვთისკაცი“
• საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) – „პოეტი და ბერჟერაკი“
8 დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილე სტუდენტურ დასებს პროფესიონალი მსახიობებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. საზეიმო დახურვაზე ჟიურის წევრებმა ვერ დამალეს ვერც ემოციები და ვერც სურვილი, რომ სხვადასხვა პროფესიის მოყვარული მსახიობები პროფესიულ სცენაზე გადაიბირონ. ფესტივალი თეატრის მოყვარულებს დეკემბრამდე დაემშვიდობა.