თსსუ-ისა და “ექთანთა გაერთიანების”  ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

თსსუ-ისა და “ექთანთა გაერთიანების” ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია

‘’საექთნო სამსახური თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში’’ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და “ექთანთა გაერთიანების”  სტრატეგიული ორწლიანი პარტნიორობის ფარგლებში პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ოფიციალურ წარდგენას, რომელიც თსსუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ექთანთა გაერთიანების წარმომადგენლები, პროექტის გუნდის წევრები და ის აპლიკანტები, რომლებიც თსსუ-ის მენტალური ჯანმთელობის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის ექთანთა შერჩევის პროცესში ჩაერთვნენ. აპლიკანტ ექთანთა პირველ ნაკადს დეტალურად გააცნეს გუნდის შემადგენლობა და  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე.

პროექტი ითვალისწინებს თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინოვაციური, სამდონიანი (სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული) საექთნო სამსახურებრივი სტრუქტურის – საექთნო სამსახურის – შექმნას. აღნიშნული მოდელის მიზანია თანამედროვე, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს როგორც პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ისე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის ძირითადი მიზნებია:

საექთნო განათლებისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება;

პროფესიული პრაქტიკის ხარისხის ამაღლება;

რეგულაციური რეფორმების ეფექტიანი განხორციელება;

მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებით, პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საექთნო მომსახურების განვითარება;

მენტალური ჯანმრთელობის სფეროში საექთნო პრაქტიკის ხარისხის სტანდარტების (QPI) ინდიკატორების დანერგვა.

საექთნო QPI და KPI ფოკუსირებული პროგრესული სახელფასო პოლიტიკის (პოლისების) დანერგვა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებმა გაიარეს ტესტირება - ექთნების შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი. 

ექთნების შერჩევა სამეტაპიანია: პირველი ეტაპი მოიცავს ტესტირებას, მეორე – გასაუბრებას, ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობს სპეციფიკური კლინიკური მიმართულებების მიხედვით გადამზადებას.

აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში საექთნო საქმიანობის განვითარებას, პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფას.