თსსუ-მ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თსსუ-მ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არმენ მურადიანი და ვიცე-რექტორი ხაჩატურ მარგარიანი ესტუმრნენ. 

სომხეთის დელეგაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის კანცლერთან ალექსანდრე ბუაჩიძესთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად უმასპინძლა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარების, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიური მიმართულებით.

თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასშტაბურ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობას, რომელიც სომხეთში, თებერვალში გაიმართება. სომხურმა მხარემ თსსუ-ის რექტორს კონგრესზე დასასწრებად და გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალური მოწვევა გადასცა. 

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხილვისას განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის სწავლების ცენტრმა, რომელიც სამედიცინო განათლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებისა და თანამედროვე სასწავლო მეთოდების დანერგვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

თსსუ-ის რექტორმა სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებს ცენტრის საქმიანობა და მისი საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნო. პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სტუდენტების პრაქტიკული სწავლების, ისე მოქმედი ქართველი და უცხოელი ექიმების პროფესიული განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ცენტრი უზრუნველყოფს რეალურ ანატომიურ მასალაზე (კადავერზე) მუშაობის შესაძლებლობას. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის სწავლების ცენტრი დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ მის საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და სასწავლო პროცესში გამოყენების პრაქტიკას. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.