„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ - მეცნიერების ფესტივალს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია. ფესტივალზე თბილისის სახელწმფიო სამედიცინო უნივერსიტეტი თსსუის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა და თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტმა წარადგინეს.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ თსსუ-ის ინსტიტუტების საქმიანობასა და კვლევით მიმართულებებს. თსსუ-ის მიერ წარდგენილმა შემეცნებითმა და ინტერაქტიულმა აქტივობებმა, სამეცნიერო მიღწევებმა, საზოგადოების დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტენდზე ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლებს მიაწოდეს ინფორმაცია ფარმაცევტული კვლევისა და წარმოების სრული ციკლის შესახებ – დაწყებული სამკურნალო მცენარეების შესწავლიდან, პრეპარატების დამზადებისა და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის ეტაპებით დასრულებული.
სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტისთვის გამოყოფილ სივრცეში სტუმრები გაეცნენ ბიოტექნოლოგიური კვლევებისა და ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობას თანამედროვე მედიცინაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ პერსპექტივებზე, რომლებიც ბიოტექნოლოგიას მომავლის მედიცინის განვითარებისთვის გააჩნია.
ფესტივალის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, ინოვაციური აზროვნებისა და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციაა.