თსსუ რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ საჭირო მოწყობილობებით ამარაგებს

თსსუ რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ საჭირო მოწყობილობებით ამარაგებს

2014 წლის 24 სექტემბერს,  რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ  შეძენილი სარეაბილიტაციო მოწყობილობები გადაეცა. როგორც თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მითუმეტეს, რომ მსგავსი მოწყობილობები თბილისში სხვა არცერთ დაწესებულებას არ აქვს, მათი გამოყენების საჭიროება კი ძალიან დიდია: “ჩვენ აუციელბლად უნდა ვიზრუნოთ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, დავეხმაროთ მათ სოციალურ ადაპტაციასა და ინტეგრაციაში. მით უმეტეს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები უნდა იყვნენ მომზადებული ამ ადამიანების გვერდით დგომისთვის. ჩვენი სტუდენტები დადიან  რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისში“, ბევრმა  მათგანმა იმდენად გაითავისა განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა, რომ გადაწყვეტილებაც მიიღო და მომავალი მუშაობაც მათ უნდათ რომ დაუკავშირონ. რეაბილიტოლოგის პროფესია ურთულესია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მოთხოვნა რეაბილიტაციის დარგში მომუშავე პერსონალზე დღესაც დიდია და კიდევ უფრო გაიზრდება“.

რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრის  „აისის“ადმინისტრაციული მენეჯერი და ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო თანანაშვილი დიდი მადლიერებით შეხვდა თსსუ–ის მორიგ მხარდაჭერას: ეს მოწყობილობები ჩვენთვის ძალიან საჭირო იყო, საქართველოში ერთ–ერთი პრობლემაა რეაბილიტაცია. გვინდა, დავეხმაროთ ბენეფიციარებს, მათ მშობლებს და შევუწყოთ ხელი რეაბილიტაციის პროცესის წარმატებულად წარმართვაში.

რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისი“ ოკუპაციურმა თერაპევტმა ნინო ჭინჭარაულმა თსსუ–დან მისულ სტუმრებს ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და ბენეფიციარები გააცნო. დღეს : რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ის არა მარტო ბენეფიციარებს ეხმარება ადაპტაციისა და ინტეგრაციის მიმართულებით, არამედ საზოგადოების მომზადებაზეც ზრუნავს, რომ შიშის და გაუცხოების გარეშე შეხვდნენ განსაკუთრებული უნარების მქონე პირებს, სიამოვნებით იცხოვრონ და იშრომონ მათ გვერდით.  ამ საქმეში თსსუ–ის სტუდენტებიც ცდილობენ თავისი წვლილის შეტანას: თავიდან მოდიან ძალიან დაბნეულები,  ჩვენ ვუტარებთ ინსტრუქტაჟს, ნახევარი საათი საკმარისია, გადატრიალება ხდება სტუდენტების ცხოვრებაში. ამას თავადვე ამბობენ და მადლიერებას გამოხატავენ თსსუ–ს მიმართ, რომ შესაძლებლობა ეძლევათ ეზიარონ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირების სამყაროს, დაეხმარონ მათ.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისსა“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი  თსსუ–ის კლინიკური ბაზა გახდა. აქ მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროცესი თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 

ამჟამად რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ 50 ბენეფიციარი ჰყავს. მათი რაოდენობა მალე  80–მდე გაიზრდება. თსსუ–ის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობას და მხარდაჭერას უცხადებს რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“.