თსსუ-ს საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია -UniMan -ის წარმომადგენლები ეწვივნენ

თსსუ-ს საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია -UniMan -ის წარმომადგენლები ეწვივნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ განმახორციელებელი  ფრანგული მხარის, საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის დირექტორი სოფი სილვესტრი, ქალაქ ნიმის ფილიალის დირექტორი დამიენ ჰამპარტზოუნიანი, საქართველოში საფრანგეთის ელჩის  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ატაშე ელეონორ გარნიე და კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს პროგრამის რიგით მეოთხე კურსდამთავრებულებთან და მათ ფრანგული დიპლომები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ფაკულტეტზე 2012 წლიდან მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“. პროგრამა ხორციელდება ფრანგულ მხარესთან, მენეჯმენტის და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-თან ერთად.  ხაზგასასმელია, რომ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ორი დიპლომი, რომელიც ქართული მხარის მიერაა აღიარებული, ხოლო მეორე - საფრანგეთის მხარის მიერ.

პროგრამაზე პირველივე კურსიდან ხდება ფრანგული ენის ინტენსიური სწავლება, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძონ მენეჯმენტის და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის მაგისტრატურაში.

ღონისძიება გახსნა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა ,,ამ პროგრამის მიმართ  აბიტურიენტების და სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რადგან ეს ის ერთეული შემთხვევაა, როდესაც შეგიძლია აიღო  როგორც საქართველოში, ასევე ევრო კავშირის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაში, საფრანგეთში აღიარებული  დიპლომი.  ვფიქრობ აღნიშნული მნიშვნელოვნად წაადგება პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობისა და კარიერული წინსვლის საქმეში“.  აღნიშნა ბატონმა ირაკლი მჭედლიშვილმა.

საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის დირექტორმა სოფი სილვესტრიმ და საქართველოში საფრანგეთის ელჩის  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ატაშემ ელეონორ გარნიემ მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის. სტუმრებმა გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. მათ შორის  უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების გაუმჯობესებისა და  საერთო პროექტების განხორციელების მიმართულებით.