თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ სანიკიძემ, 2025 წლის 7-9 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმში „რადიოლოგიური დაცვის სისტემები“ (ICRP 2025).
პროფესორმა ფორუმზე წარადგინა თსსუ-ის ბაზაზე შესრულებული კვლევა თემაზე: „ძუძუს კიბოს რადიოგენური რისკის მოდელის შემუშავება საქართველოს ქალთა პოპულაციისთვის და სიცოცხლის განმავლობაში რისკის პროგნოზირება COVID-19-ით ინფიცირებულ ქალ პაციენტებში გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე.“
ინოვაციური კვლევა ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მონაცემებს და დაიმსახურა საერთაშორისო ექსპერტთა დადებითი შეფასება.
სიმპოზიუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები და დაისახა სამეცნიერო პარტნიორობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. დაგეგმილია თსსუ-ის დეპარტამენტის ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევით ქსელებში.
საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ წამყვანი ორგანიზაციები, მათ შორის — რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომიტეტი (ICRP) და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით სპეციალისტთა მომზადების აუცილებლობასა და შესაბამისი აკადემიური პროგრამების განვითარებას. აღინიშნა, რომ ICRP-ის კომიტეტის წევრი, პროფესორი ჯონ დამილაკი და ბულგარეთის რენტგენის ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ჟენია ვასილიევა, მზად არიან გაუზიარონ თსსუ-ს თავიანთი გამოცდილება და პროფესიული კონტაქტები, ასევე, გაუწიონ კონსულტაციები სამედიცინო ფიზიკის მიმართულების გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებში.