თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სიმულაციურ სწავლებას აუმჯობესებს. ამ მიზნით, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ შეხვედრა გამართა სიმულაციური განათლების საერთაშორისო ექსპერტთან, პროფესორ დებრა ნესტელთან (მონაშის უნივერსიტეტი, ავსტრალია). პროფესორმა ნესტელმა დაინტერესება გამოთქვა თსსუ-ის ცენტრის ჩართვაზე საერთაშორისო კვლევით ქსელში (SiReN), რომელიც აერთიანებს სიმულაციურ სწავლებასა და სამედიცინო განათლებაში ჩართულ უნივერსიტეტებს, ცენტრებსა და ექსპერტებს. SIREN საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებს ჩაერთონ გლობალურ კვლევით პროექტებში, გაიღრმავონ პარტნიორული კავშირები და გაიუმჯობესონ სიმულაციური განათლების ხარისხი.
სიმულაციური სწავლების განვითარების ხელშესაწყობად, თსსუ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა სიმულაციის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტთან, პიერ ლუიჯი ინგრასიასთან და მდივანთან კირსტი ფრიმენთან. განხილვის თემები იყო ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაცია და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები და აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სიმულატორების წამყვანი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიების პროდუქცია, გაეცნენ მათ მახასიათებლებსა და გამოყენების შესაძლებლობებს.
ვიზიტის ფარგლებში, თსსუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სიმულაციების ევროპული ასოციაციის (SESAM) 30-ე საიუბილეო კონგრესში, რომელიც ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. კონგრესზე მათ წარადგინეს ორი პოსტერული მოხსენება:
• „სამედიცინო განათლების გაუმჯობესება თანატოლთა სწავლებისა და სიმულაციის გზით“
• „სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების ევოლუცია მეანობა-გინეკოლოგიაში: ისტორიული პერსპექტივა“
როგორც თსსუ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სხვადასხვა ღონისძიებებსა და სოციალურ აქტივობებში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაამყარა უნივერსიტეტის საერთაშორისო პროფესიული ურთიერთობები.