თსსუ უცხო ენების ცენტრში თანამედროვე თურქული ენის შემსწავლელი კურსი ამუშავდა

თსსუ უცხო ენების ცენტრში თანამედროვე თურქული ენის შემსწავლელი კურსი ამუშავდა

2012 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში, შავი ზღვის უნივერსიტეტის ინიციატივით, თსსუ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია თურქული ენის შემსწავლელი კურსისთვის.
საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ქუთელია, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შევქეთ ერჯან თუნჩი და კანცლერი, პროფესორი რესულ დიქმენი.

გაფორმდა მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შევქეთ ერჯან თუნჩიმ და კანცლერმა რესულ დოქმენიმ.

ლინგვისტურ ცენტრში სწავლის სურვილი უკვე გამოთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 180 სტუდენტმა.