თსსუ–ში გავლილი ტრენინგის შემდეგ მოქმედ ექთნებს სერტიფიკატები გადაეცათ

თსსუ–ში გავლილი ტრენინგის შემდეგ მოქმედ ექთნებს სერტიფიკატები გადაეცათ

2014 წლის 17 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადაეცათ მოქმედ ექთნებს, რომლებმაც გაიარეს პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში –  20 დღიანი ტრენინგი. ეს პროგრამა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრმა დანერგა. ტრენინგის მიზანი გახლდათ მოქმედი ექთნების კვალიფიკაციის ამაღლება, მათთვის მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, საკუთარ თავზე მუშაობის საშუალების მიცემა და რაც მთავარია, იმ მაღალი დონის მიღწევა, რომელიც აუცილებელი პირობაა საუნივერსიტეტო კლინიკებში მომუშავე ყველა პერსონალისთვის.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი  ლია ძიძიგური, საორგანიზაციო დარგში კლინიკის დირექტორი – ნანა დათიაშვილი, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა.  

პოსტდიპლომური კლინიკური უნარ–ჩვევების კურსი საექთნო საქმეში მნიშვნელოვანად და აუცილებლად მიაჩნია  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურ დირექტორს  ლია ძიძიგურს. მან დიდი მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, კანცლერს, ბატონ ზურაბ ორჯონიკიძეს, ვიცე–რექტორს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირმა მანჯავიძეს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორს მედეა ჯღარკავას გაწეული შრომისთვის.

როგორც ქალბატონმა ლია ძიძიგურმა აღნიშნა, ნებისმიერ პროფესიონალს მუდმივად სჭირდება პროფესიული სრულყოფისკენ სვლა, სასიხარულოა, რომ ჩვენი კლინიკის ექთნებს მიეცათ საშუალება ისარგებლონ ამ არაჩვეულებრივი პროგრამით და სრულიად უფასოდ აიმაღლონ ცოდნა და კვალიფიკაცია.

აღინიშნა ისიც, რომ ამ ტრენინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა  საორგანიზაციო დარგში კლინიკის დირექტორის  ნანა დათიაშვილის და თსსუ–ის ვიცე–რექტორის,  პროფესორ კახაბერ ჭელიძის მხარდაჭერითა და ინიციატივით.

კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა  ირმა მანჯავიძემ აუდიტორიას აუწყა, რომ  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში უკვე ექთნების მეორე  ჯგუფი  გადის გადამზადებას. პირველ ჯგუფს დღეს გადავცემთ სერტიფიკატებს. „გილოცავთ ამ დღეს და გვინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასება, შენიშვნები. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს უფრო ვიწრო სპეციალიზაციით მოეწყოს ტრენინგები...  ცალკე მომზადება გაიაროს, მაგალითად, პედიატრიული,  ნეონატოლოგიური განყოფილებების პერსონალმა. ეტაპობრივად ამასაც  განვახორციელებთ“.

როგორც ექთნებმა აღნიშნეს,  მათ მართლაც დიდი გამოცდილება შეიძინეს. ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ შეფასდა მათი პროფესიული უნარ–ჩვევები და შედეგი ძალიან თვალნათელი აღმოჩნდა.

როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა მედეა ჯღარკავამ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მზად არის კვლავაც იზრუნოს საუნივერსიტეტო კლინიკების პერსონალის პროფესიულ სრულყოფაზე.

დასასრულს, თითოეულ ექთანს გადაეცა შვიდი სერტიფიკატი გავლილი შვიდი მოდულის შესაბამისად.