თსსუ–ის ასისტენტ–პროფესორის წარმატებული მივლინება ნიგერიაში

თსსუ–ის ასისტენტ–პროფესორის წარმატებული მივლინება ნიგერიაში

2012 წლის 1 თებერვლიდან, 3 თვის განმავლობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტატის სტატუსით, პოლიომიელიტის ერადიკაციის პროექტის ფარგლებში, ნიგერიაში მივლინებული იყო თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის მიმართულების ასისტენტ–პროფესორი ნანა მებონია.

 
 
 
 
 

პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ინიციატივას, რომელიც 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ დაიგეგმა, ხელმძღვანელობას უწევენ ეროვნული მთავრობები, ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრები, UNISEF და Rotary International.

2011 წლამდე პოლიომიელიტის ენდემურ კერად მსოფლიოს 4 ქვეყანა ითვლებოდა: ინდოეთი, ნიგერია, ავღანეთი და პაკისტანი. ვინაიდან უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ინდოეთში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, სადღეისოდ ენდემურ კერად მხოლოდ სამი ქვეყანა რჩება.

იმუნიზაციის ნაციონალური პროგრამის დანერგვის მიზნით, ნიგერიას მხარდაჭერას უწევს STOP POLIO პროგრამა, რომელიც ჯანმო–ს და ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

მივლინების პერიოდში STOP POLIO პროექტის ფარგლებში, ნანა მებონია, როგორც ჯანმოს ექსპერტი სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდა. კერძოდ, ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში პოლიომიელიტის ერადიკაციის მიზნით მას მოუწია ტექნიკური დახმარების გაწევა ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სამსახურებისადმი იმუნიზაციის ნაციონალური დღეების დაგეგმვის, რუტინული იმუნიზაციის და მწვავე დუნე დამბლაზე ეპიდზედამხედეველობის გაუმჯობესების გზით.

მივლინების პერიოდში მან:

- შეისწავლა მწვავე დუნე დამბლის (მდდ) მონაცემთა შეკრების, დამუშავებისა და ანალიზის პრობლემები და შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები;

- „გაწმინდა“ 2011 წლის ნიგერიის მდდ-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც 5000-ზე მეტ შემთხვევას აერთიანებს და შეაფასა სხვადახვა ცვლადების გავრცელების თავისებურებები;

- მონაწილეობა მიიღო იმუნიზაციის ნაციონალური დღეების დაგეგმვის, დანერგვის, მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის პროცესებში.

- განახორციელა ტექნიკური დახმარება ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის გაუმჯობესების მიზნით.

თსსუ–ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის მიმართულების ასისტენტ–პროფესორის ნანა მებონიას სამთვიანი მოღვაწეობა შორეულ ნიგერიაში დადებითად იქნა შეფასებული ჯანმოს–ს წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების მიერ.