თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები შვეიცარიაში

თსსუ–ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები შვეიცარიაში

2014 წლის 24-30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. ჟენევაში (შვეიცარია) პროფესორ დიდიე დიჩის საერთაშორისო ტრეინინგ-ცენტრში - Geneva Smile Center - მასტერ-კლასზე დასასწრებად.

პროფესორი დიდიე დიჩი მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია, რომელიც მრავალი წელია მოღვაწეობს კბილთა მხატვრული რესტავრაციის სფეროში. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც წარმატებით დანერგა მიკროსკოპის ქვეშ კბილთა რესტავრირების მეთოდიკათა ათვისება. მისი ცენტრიც Ziess-ის მიკროსკოპებითაა აღჭურვილი, სადაც პროფესორმა მ. მამალაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნ. ნიჟარაძემ ახალი სარესტავრაციო მასალის INSPIRO (edelveise)-ს საშუალებით კბილთა რესტავრირების ახალი მეთოდები აითვისეს.

პროფესორ დიდიე დიჩის მასტერ-კლასს ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი სერგეი რადლინსკიც ესწრებოდა. მასტერ-კლასის მსვლელობისას ერთ-ერთი საინტერესო სიურპრიზი პროფესორ ფრანჩესკო მანგანის სტუმრობა იყო, რომელიც მსოფლიოს ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სახელმძღვანელოს - Dental Conservative Restorations – ავტორია პროფესორ ლორენცო ვანინისთან ერთად.