თსსუ–ის პროფესორის, გელა სულაბერიძის გამოგონება აშშ–ში დაპატენტდა

თსსუ–ის პროფესორის, გელა სულაბერიძის გამოგონება აშშ–ში დაპატენტდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმაექიმგასტროენტეროლოგმა გელა სულაბერიძემ, რომელმაც უკვე ყველასთვის ცნობილი და პოპულარული პროდუქტების  –  ,,მარგის“  (პური, ქართული მიუსლი) ტექნოლოგია შექმნა, ინტელექტუალური საკუთრება ამერიკის შეერთებულ შტატებში დააპატენტა.

როგორც პროფესორი  გელა სულაბარიძე აღნიშნავს, მის მიერ შექმნილი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტი ,,მარგი“ თავდაპირველად საქართველოში დაპატენტდა და ამის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, ინტელექტუალური საკუთრება სხვა ქვეყნებშიც დაეპატენტებინა.

ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა სჭირდება და არცთუ განებივრებული ვართ ჩვენი ქვეყნის მიღწევების დიდ, განვითარებულ ქვეყნებში დაპატენტების ფაქტებით.

,,მწარმოებელი ძალიან დაინტერესებულია, ჰქონდეს პატენტი, რათა ამ ტექნოლოგიით სხვამ არ ისარგებლოს. მე მაქვს პატენტები სომხეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და რუსეთში. განაცხადი გამოგონებაზე შეტანილი მქონდა აშშ-ში და ეს პროცედურა გაგრძელდა 2010 წლიდან 2014 წლამდე, როდესაც მივიღე დადებითი პასუხი დაპატენტებაზე. იშვიათია, რომ ქართული ტექნოლოგია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაპატენტდეს“, განაცხადა სულაბერიძემ.

„მარგის“ აღიარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია.

„მარგი“ ჯანსაღი, ბუნებრივი, მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი, დაბალკალორიული საკვებია. იგი შეუზღუდავი რაოდენობით და ვადით შეიძლება მიიღონ როგორც ჯანმრთელებმა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ისე ავადმყოფებმა.

პროფესორი გელა სულაბერიძე მუშაობას განაგრძობს. წარმოებაში დასანერგად მზადაა: ცილოვანი პროდუქტი „მარგი“, სიმინდის ფქვილი „მარგი“ და ქართული ნამცხვარი ”მარგი“.