თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ–ის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ ხელმძღვანელის, ლევან მეტრეველის ვიზიტი მაროკოში

თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და თსსუ–ის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ ხელმძღვანელის, ლევან მეტრეველის ვიზიტი მაროკოში

მიმდინარე წლის 1–5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ ხელმძღვანელის, ლევან მეტრეველის შემადგენლობით, მონაწილეობას იღებდა მაროკოში, ქალაქ კასაბლანკაში „ევრაზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების კონსორციუმის“ (Eurasian Silk Road Universities Consortium – ESRUC) მიერ ორგანიზებულ მე–6 ყოველწლიურ სხდომაში.

პლენარულ სხდომებზე იხილებოდა აბრეშუმის გზის არეალის საგანმანათლებლო სივრცეში არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების ეფექტური გზები. დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული კონსორციუმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიებში.

დასკვნით დღეს მონაწილეებს სიტყვით მიმართა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რეგიონში ამ ტიპის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტს სამედიცინო განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს. პროფესორმა ვადაჭკორიამ მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის ბოლო პერიოდის სიახლეები, მათ შორის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ და კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებს შესთავაზა  ამ პროგრამაში თავისი კურსდამთავრებულების წარგზავნა.

ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჰასან II-ის სახელობის კასაბლანკას უნივერსიტეტს შორის.

რამდენადაც „ევრაზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების კონსორციუმის“ მე–6 ყოველწლიური სხდომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საორგანიზაციო კომიტეტმა სტუმრებს შეატყობინა, რომ დაგეგმილი „სტუდენტთა ბაზრობა“ (უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვა)  არ ჩატარდებოდა, თსსუ–ის დელეგაციამ წინასწარ  იზრუნა ორმხრივი შეხვედრების დაგეგმვაზე, რომელთა ფარგლებშიც მოხდებოდა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტი და ჯანდაცვის პოლიტიკა“ პრომოცია და მსმენელთა მოზიდვისთვის შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა.

თსსუ–ის წარმომადგენლები შეხვდნენ: ყარადენიზის (შავი ზღვის) ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს, პროფესორ ნეკატი ტუიუსუზს (ტრაბზონი, თურქეთი),  თრაკიის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ  იენერ იორუკს (ედირნე, თურქეთი), კაჰრამანმარას სუტკუ იმამის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დურმუს დევეცის (კარამანმარა, თურქეთი), არაბული უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალურ მდივანს, პროფესორ სულთან აბუ–ორაბის,  ათათურქის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, პროფესორ  ალი კაგლარ გულუცეს. მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქართული მხარე გააგზავნის პროგრამის მასალებს, რომელიც განთავსდება მათი უნივერსიტეტების ვებ–გვერდებზე.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა დასახეს წარმოდგენილ მხარეებთან საკომუნიკაციო სტრატეგია.