თსსუ–ის რექტორის ვიზიტი ინსბრუკში

თსსუ–ის რექტორის ვიზიტი ინსბრუკში

2015 წლის 10– 14 მარტს  თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია იმყოფებოდა  ინსბრუკში (ავსტრია) TILAK/AZW–ის –დასავლეთ ავსტრიის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის ვალტერ დრაქსლის მიწვევით.

ვიზიტის დროს მხარეებმა განიხილეს და დააზუსტეს ექთნების მომზადების ქართულ–ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის საკითხები, რომლის განხორციელება  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015 წლის სექტემბრიდანაა დაგეგმილი.

ბატონმა ვალტერ დრაქსლმა თსსუ–ის რექტორს დაათვალიერებინა AZW–ის ახალი სასწავლო კორპუსი.

მათ ისაუბრეს ქართველი სტუდენტების ინსბრუკში სტაჟირებისა და ავსტრიელი სპეციალისტების თბილისში მივლინების საკითხებზე. ასევე განხილეს თსსუ–ის კურსდამთავრებულთა დიპლომისშემდგომი განათლების კურსისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები ავსტრიის კლინიკებში.  ამ საკითხზე მუშაობა AZW–ის დირექტორთან ერთი წლის წინ დაიწყო. ბატონი დრაქსლი კვლავ აქტუალურად თვლის ამ საკითხს, თუმცა ავსტრიის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო კონკრეტული მსჯელობის რამდენიმე თვით გადადება ითხოვა.

ბატონმა ვალტერ დრაქსლმა თსსუ–ის რექტორს აღუთქვა ინფორმაციული მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპელი სტუდენტების თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამით დაინტერესებას. 

ვიზიტისას თსსუ–ის რექტორმა ავსტრიელ პარტნიორებს გააცნო ქართულ–ფრანგული სამაგისტრო პროგრამა  და სამახსოვროდ გადასცა უნივერსიტეტის ბროშურები და დოკუმენტური ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ვიზიტის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის  მადლობას უხდის ინსბრუკში მოღვაწე თსსუ–ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ქალბატონ ირმა კვიცარიძეს.