თსსუ–ის წარმომადგენელთა ვიზიტი იტალიაში ERASMUS MUNDUS -ის  პროექტ  ,,მედეას“ ფარგლებში

თსსუ–ის წარმომადგენელთა ვიზიტი იტალიაში ERASMUS MUNDUS -ის პროექტ ,,მედეას“ ფარგლებში

2014 წლის 28–31 ოქტომბერს თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი და ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნინო კანდელაკი, ERASMUS MUNDUS -ის  პროექტ  ,,მედეას“ ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში,  ქალაქ პერუჯასა და ფლორენციაში.

ვიზიტის მიზანი, ერთი მხრივ,  პერუჯის უნივერსიტეტის ჩართულობისა და აქტივობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, პერუჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტთან ერთად პროექტ  ,, ERASMUS +“–ზე განაცხადის გაკეთებაზე  შეთანხმება იყო, რომლის ფარგლებშიც  სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობა განხორციელდება.

პერუჯაში თსსუ–ის  წარმომადგენლები შეხვდნენ  ,,მედეას“ პროექტის ლოკალურ კოორდინატორს, ფარმაციის დეპარტამენტის  ბიოტექნოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა  და პერუჯის უნივერსიტეტის  ასოცირებულ  პროფესორს  ტომაზო ბეკარს  და პერუჯის უნივერსიტეტის  ევროკავშირის პროექტების კოორდინატორს, პროფესორ მარია–პია ვიოლა მანის.  შეხვედრისას მხარეებმა  იმსჯელეს ევროპელი  აპლიკანტების   პროექტში ჩართულობისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში  სტაჟირების  გავლით დაინტერესების გზებზე.   

ვიზიტის  ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა  პერუჯის  უნივერსიტეტის  ფარმაციის  დეკან,  პროფესორ  ბენედეტო ნატალინისთან, რომელმაც დიდი მხარდაჭერა  გამოხატა  ახალი საგრანტო  პროექტის  მიმართ, მზადყოფნა  გამოთქვა, რომ  წაიკითხოს ლექციები თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის  სტუდენტებისათვის.

თსსუ–ის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ,  პერუჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო  ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსს სონია ტრინარის. შეხვედრაზე გადაწყდა  უნივერსიტეტების თანამშრომლობა ERASMUS MUNDUS–ის საგრანტო კონკურსის სფეროში, რაც ძირითადად  მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტების წარმომადგენლებისთვის არის განსაზღვრული.

თსსუ–ის წარმომადგენლები შეხვდნენ ფლორენციის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს პაულო ლიონეტის,  დაათვალიერეს  ფლორენციის უნივერსიტეტის ბავშვთა  საავადმყოფო, შეხვდნენ ტოსკანის რეგიონის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორსა და  ფლორენციის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მაია ჟოზე კალდეს პინილას.

ფლორენციის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, „ERASMUS+“–ის ფარგლებში ერთობლივი საგრანტო აპლიკაციისა და მემორანდუმის მომზადების პერსპექტივით.