თსსუ–ის წარმომადგენლები ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე

თსსუ–ის წარმომადგენლები ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე

2013 წლის 4-8 სექტემბერს,  ქალაქ ლისაბონში (პორტუგალია) გაიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა (EMSA GA). ღონისძიებაში მონაწილეობდნენ (სათათბირო ხმის უფლებით) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის (EMSA - თბილისი) წარმომადგენლები: გიგა სორდია, კახა აბულაძე, ანა ჩეკურიშვილი, სალომე ბეზარაშვილი, ანა დუმბაძე, თინათინ მეტრეველი, ნანა ჯონჯუა, ანა გამეზარდაშვილი.

2013 წლის რიგით 23-ე გენერალური ასამბლეა წარმატებული აღმოჩნდა EMSA - თბილისის წარმომადგენლებისათვის. კერძოდ, ანა ჩეკურიშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სამიტის ფარგლებში EMSA-ს პრეზიდენტმა ბორისლავ მანევმა თავის მოხსენებაში უმაღლესი შეფასება მიანიჭა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ნაციონალურ კოორდინატორთა სამიტს, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. EMSA-ს ახალმა პრეზიდენტმა ოლგა როსტროვსკამ და ვიცე-პრეზიდენტმა ლარა ტეუქსმა გამოთქვეს სურვილი კიდევ ერთხელ ესტუმრონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. (2012 წელს ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისინი სტუმრობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტს).

აღსანიშნავია ქართველი სტუდენტების წარმატებები აღნიშნული ორგანიზაციის საერთაშორისო საქმიანობაში. კერძოდ:

  • 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ნაციონალურ კოორდინატორთა სამიტს;
  • 2012 წელს თსსუ–ის კურსდამთავრებული ანა ჩეკურიშვილი არჩეულ იქნა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის თავჯდომარედ;
  • 2011 წელს თსსუ-ის სტუდენტი გიგა სორდია იქნა არჩეული ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად;
  • 2007 წელს თსსუ-ის სტუდენტი მერი როგავა იქნა არჩეული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად;
  • 2011 წელს EMSA - თბილისმა წარმატებულად განახორციელა ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო სამიტი (BIMS),
  • 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ,,ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის“ გენერალურ ასამბლეას.