თსსუ–მა ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო გაცილება მოუწყო

თსსუ–მა ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო გაცილება მოუწყო

2014  წლის 20 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს საზეიმო გაცილება მოუწყო. ახალგაზრდა ფარმაცევტები თეთრი ხალათებით ისხდნენ უნივერსიტეტის ბრიფინგის დარბაზში. თსსუ–ის ლოგოს ფერების – თეთრი და ცისფერი საჰაერო ბურთები საზეიმო იერს აძლევდნენ დარბაზს. ახალგაზრდებს გზას ულოცავდნენ პროფესორ–მასწავლებლები, კოლეგები. ეს უბედნიერესი დღეა, მაგრამ სევდიანი, იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან მივდივართ, – აღნიშნავდნენ კურსდამთავრებულები.

აუდიტორიას მიმართა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: „არ არსებობს „ყოფილი ჩემი უნივერსიტეტი“. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თქვენი უნივერსიტეტია და ბოლომდე თქვენად დარჩება. ზოგი თქვენგანი მალე მობრუნდება ჩვენთან სწავლის გასაგრძელებლად, ზოგი – უცხოეთში წავა სასწავლებლად, ზოგიც პრაქტიკულ მუშაობას დაიწყებს... მალე მოგვევლინებით პროფესორ–მასწავლებლებადაც. ჩვენ მუდამ თვალს ვადევნებთ თქვენს წარმატებებს და გავიზიარებთ თქვენი მიღწევებით გამოწვეულ სიხარულს. ფარმაციის ბაკალავრის პროგრამა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას თქვენს სასწავლო კორპუსში. ვიცი, ყოველთვის გაგახარებთ თქვენი უნივერსიტეტის წინსვლა. მესმის, განშორება ძნელია. თქვენ დამოუკიდებელი ხდებით, გადიხართ ფართო ასპარეზზე, სადაც დიდი კონკურენცია გხვდებათ. გისურვებთ წარმატებას, თქვენ მიღებული გაქვთ ისეთი ცოდნა, რომელიც ამ წარმატების წინაპირობა და საფუძველია“...

 

როგორც ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა აღნიშნა, ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება: „ფარმაციის ფაკულტეტი აცილებს კიდევ ერთ გამოშვებას. ვამაყობთ თქვენით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ წარმატებული პროფესიონალები გამხდარიყავით. თქვენ მზად ხართ კონკურენცია გაუწიოთ მაღალკვალიფიციურ კადრებს. გახსოვდეთ, უნივერსიტეტში ჩვენი – პროფესორ–მასწავლებლების სახით რჩებიან თქვენი მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიმართოთ რჩევისთვის“.

ახალბედა ფარმაცევტებს უნივერსიტეტის დამთარება მიულოცა PSP ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ფრუიძემ. მან აღნიშნა, რომ თავადაც თსსუ–ის კურსდამთავრებულია და მის CV-ში ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. PSP–მ სიურპრიზი მოუმზადა კურსდამთავრებულებს: სწავლების და სტაჟირების შემდეგ ტესტირების შედეგების, აფთიაქში აქტივობისა და გაყიდვების მაჩვენებლების გათვალისწინებით 5 წარმატებულ სტუდენტს: ხათუნა ნონიკაშვილს, თამარ ჩაჩავას, ქეთი ასლამაზაშვილს, თათია ხომერიკს და მარინა სამხარაძეს სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ყოფილ სტუდენტებს მიმართეს: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ–პროფესორმა თამარ ჩიკვილაძემ,  პროფესორმა ნელი ანთელავამ, ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ოკუჯავამ.

 

ახალგაზრდა ფარმაცევტებს შორის ბევრს თვალზე ცრემლი მოადგა. ცხადია, ძნელი იყო, რამდენიმე სიტყვაში ჩაეტიათ თავისი ემოცია, მაგრამ მაინც ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეხატათ მადლიერება და სიყვარული იმ ერთგულებისთვის და თავდადებული შრომისთვის, რისი შედეგიც ის განათლებაა, რომელიც თსსუ–ში მიიღეს.

კურსდამთავრებულებმა დადეს ფარმაცევტების ფიცი.

უკვე მანტიებით შემოსილებმა „ქუდები ცაში აისროლეს“. ეს სიმბოლური რიტუალი განსაკუთრებული აღმაფრენის გამოხატულებად იქცა...

თეთრ ხალათებზე სიმბოლური წარწერები გაჩნდა. გაიჭრა საზეიმო ტორტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ კურსდამთავრებულს.