თსსუ–მა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

თსსუ–მა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

2014 წლის 9 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო. განწყობა ამაღლებული და თან ოდნავ სევდიანი იყო, რადგან იმ დიდ სიხარულთან ერთად, რაც თსსუ–ის დიპლომის აღებას მოაქვს, ჩნდება განცდა, რომ საუკეთესო წლები დასრულდა. როგორც უკვე ყოფილი სტუდენტები ამბობდნენ, უნივერსიტეტმა მათ ასწავლა სიამაყე იმის გამო, რა პროფესიასაც ეუფლებოდნენ, დაანახა პასუხისმგებლობა მოყვასის წინაშე, გააცნობიერებინა, რომ ერთგულება და თავდადება შეიძლება სწავლაშიც გამოხატოს  და რაც მთავარია, თავისი პროფესიონალიზმით უდიდესი სამსახური გაუწიოს განსაცდელში მყოფ ადამიანებს.

უნივერსიტეტის ცისფერ დარბაზში შეიკრიბნენ თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია, დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ცხვედიანი, ასისტენტ–პროფესორები: მარინა მათიაშვილი, ზურაბ კახაბრიშვილი, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორი ვალერი ახალკაცი, პედაგოგები, რომლებიც შრომას არ იშურებდნენ სტუდენტებისთვის: პროფესორი ჯეიმს ლი, ჯაე ჩოე, თამარ ჩუტკერაშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, ნეიროანატომიის, დინამიკური ანატომიის მიმართულების ასისტენტ–პროფესორი გრიგოლ სულაბერიძე... არაერთი კეთილი სურვილი ითქვა და ახალბედა რეაბილიტოლოგთა ხალათებზეც გაჩნდა წარწერები  სიყვარულის და პატივისცემის დასტურად.

აუდიტორიას ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა მასხულიამ მიმართა: „გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ბევრი თქვენგანი შეუდგება პრაქტიკული საქმიანობის ურთულეს გზას, ბევრი – სწავლას განაგრძობს მაგისტრატურაში. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, არიან ადამიანები, რომლებიც თქვენგან დახმარებას ელოდებიან, თქვენ უნდა გაამართლოთ მათი მოლოდინი. ჩვენ გვჯერა თქვენი და მუდამ მზად ვიქნებით მხარდაჭერისთვის.

როგორც ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ აღნიშნა, სტუდენტებს პირველივე შეხვედრისას ესაუბრა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი არჩევანი საზოგადოებისთვის: „რეაბილიტაციის გარეშე მედიცინა არ არსებობს, სწორედ ამ დარგის სპეციალისტები უბრუნებენ პაციენტს საზოგადოებას. ბედნიერი ვიქნები თქვენს წარმატებებს რომ გავიგებ, დაგეხმარებით ყოველთვის რითიც შეგვეძლება და როგორც შეგვეძლება“...

სტუდენტებს მიმართეს: ასისტენტ–პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის დირექტორმა ვალერი ახალკაცმა, პროფესორმა ჯეიმს ლიიმ...

კურსდამთავრებულთა სახელით პროფესორ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს ნუკრი დათაშვილმა და მალვინა ფარტენაძემ.

როგორც კურსდამთავრებულები აღნიშნავდნენ, მათ უარავი ადამიანისთვის უნდოდათ მადლობის თქმა. მათ შორის ვიცე–რექტორის, პროფესორ კახაბერ ჭელიძისთვისაც იმ ღვაწლის, რაც მან ამ ფაკულტეტის ჩამოყალიბებას დასდო. ისინი მადლიერებას გამოხატავდნენ რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მიმართ.

დასასრულს დაიჭრა საზეიმო ტორტი. მანტიებში გამოწყობილმა სტუდენტებმა, ტრადიციულად, ქუდები ცაში აისროლეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს მათ და დიდ წარმატებას უსურვებს პროფესიულ გზაზე.