თსსუ–მა  ხეების დარგვის საერთაშორისო დღე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნა

თსსუ–მა ხეების დარგვის საერთაშორისო დღე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნა

2014 წლის 22 ოქტომბერს  ხეების დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა წიწამურში, ილიას მემორიალის ტერიტორიაზე. ფერდობზე დაირგო ხეები, რომელთა სამომავლო მოვლასაც ისევ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები უზრუნველყოფენ მცხეთის გამგეობასთან ერთად.

ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, მცხეთის გამგებლის მოადგილემ გოჩა ზეიკიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ  ვადაჭკორიამ, ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა, პროფესორმა მარინა გიორგობიანმა, თსსუ–ის თვითმმართველობამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა...

როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, ჩვენი უნივერსიტეტისთვის ეკოლოგიის მიმართულებით ზრუნვა ბუნებრივია, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა გულისხმობს ჯანმრთელ გარემოზე ზრუნვასაც. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამჯერად ილია მართლის მემორიალის შემოგარენში დაირგო ხეები და ყველა ქართველისთვის ტრაგიკული და ამავდროულად საკრალური ადგილის კეთილმოწყობაში სამედიცინო უნივერსიტეტსაც ექნება მცირედი წვლილი შეტანილი.

სტუდენტების მხარდამხარ რგავდნენ ხეებს თსსუ–ის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მესვეურები. საგანგებოდ ამ დღისთვის ყველას თეთრი მაისური და კეპი ემოსა წარწერით: მწვანე მომავალი... პროექტი "მწვანე მომავალი" საქართელოს პრემისერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებულია. მომავალი მართლაც მხოლოდ „მწვანე“ – ეკოსისტემის სიჯანსაღეზე ორიენტირებული შეიძლება იყოს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ ფაშალიშვილმა რამდენიმე ხე დარგო და აღნიშნა, რომ ეს დღე მისთვის ბედნიერი დღეა, რადგან მონაწილეობა მიიღო ხეების დარგვის ღონისძიებაში. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი, ის კიდევ უფრო დაინტერესებულია მსგავსი ღონისძიებებით. იცის რომ უნივერსიტეტს აქვს სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მომავლისთვის.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა მადლობა გადაუხადა თსსუ–ის სტუდენტებს  ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  ხეების დარგვა საჭირო და კეთილშობილური საქმეა.