თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ქეთევან ღამბაშიძის წარმატება IMPAKT ძუძუს კიბოს IV საერთაშორისო კონფერენციაზე

თსსუ–ს პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ქეთევან ღამბაშიძის წარმატება IMPAKT ძუძუს კიბოს IV საერთაშორისო კონფერენციაზე

 

2012 წლის 3–5 მაისს, ბრიუსელში (ბელგია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია 4 th IMPAKT Breast Cancer Conference (IMPAKT - Improving care and knowledge through translational research), რომელიც ეძღვნებოდა ავთვისებიანი სიმსივნეების, კერძოდ, ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრობლემებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ სფეროში მოღვაწე მსოფლიოს 50 ქვეყნის 530 წამყვანი მეცნიერ–მკვლევარი და კლინიცისტი. საქართველოდან კონფერენციაში სპეციალური მიწვევით მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან ღამბაშიძე.

კონფერენციის მიზანი – კლინიკური და პრეკლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების, ასევე მკურნალობის ინოვაციური მეთოდების და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების კვლევების შედეგების განხილვა, დაგროვილი ცოდნის ურთიერთგაზიარება.

კონფერენციაზე ხაზგასმული იყო ექსპერიმენტული კვლევების მნიშვნელობა კლინიკური დაკვირვებებით მიღებული შედეგების მექანიზმების ასახსნელად და, თავის მხრივ, პრეკლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების მნიშვნელობა კლინიკაში, მკურნალობის არსებული მეთოდების ეფექტურობის ასამაღლებლად. დიდი ყურადღება დაეთმო, ასევე, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს.

პროფესორ ღამბაშიძის მიერ წარმოდგენილმა სამეცნიერო კვლევის მასალებმა და პრეზენტაციამ თემაზე „E.coli-ს ფაგოლიზატების სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტები“ დიდი ინტერესი და დისკუსია გამოიწვია უცხოელ კოლეგებს შორის (აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს აშშ–ს დაფინანსებით. პროექტის მენეჯერი-პროფ. ქ. ღამბაშიძე).

გამოითქვა აზრი მომავალი ერთობლივი კვლევების ჩატარების პერსპექტივების შესახებ. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა შემდეგ ჟურნალში – Oxford Journals, Medicine, Annals of Oncology, Volume 23, Issue suppl 2. (Impact factor: 6.452).

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს სერთიფიკატები აღიარებული ACOE-ს (The accreditation Council of Oncology in Europe) მიერ და მოწვევა ESMO–ს (The European Society for Medical Oncology) ეგიდით ორგანიზებულ მომავალ კონგრესსა და კონფერენციებში.