თურქული დელეგაციის ვიზიტი თსსუ–ში

თურქული დელეგაციის ვიზიტი თსსუ–ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. შემთხვევითი არ არის, რომ აქ 37 ქვეყნიდან 1900–მდე სტუდენტი სწავლობს, მსურველების რაოდენობა კი მუდმივად მატულობს.

ეს ერთგვარი კანონზომიერებაა, რადგან თსსუ–ს მთავარი პრიორიტეტი სწავლის დონის ზრდა და ევროპულ სტანდარტთან დაახლოებაა. თსსუ–ში და მის საუნივერსიტეტო კლინიკებში მხოლოდ ორი წლის მანძილზე  220 პროფესორი იყო ჩამოსული ლექციის ჩასატარებლად და კლინიკური აქტივობისთვის.  დღითიდღე საგრძნობი ხდება, რომ თსსუ–ში სწავლის დონე მაღლდება, ამიტომ მასთან პარტნიორობის სურვილი ბევრ წარმატებულ უნივერსიტეტს  უჩნდება.

2014 წლის 5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: სტამბოლის ფათიჰის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალი თეკალანი,  ანკარის თურგულ ოზალ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი აბდულკადირ  შენგუნი, სტამბოლის სულეიმან შაჰის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსეინ ეკიზი. დელეგაციას ახლდნენ საქართველოს შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ერჯან თუნჩი და ვიცე–რექტორი ილიას ჩილოღლუ.

     

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი და პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი. დაისახა სამომავლო გეგმები ურთიერთთანამშრომლობისთვის, ორივე მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღონ სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლით პროგრამაში.

თსსუ–ის რექტორმა სურვილი გამოთქვა, „მევლანას“ პროექტის ფარგლებში ორივე მხარე აქტიურად იყოს  ჩართული.

როგორც პროფესორმა ალი თეკალანმა აღნიშნა, მათ ფონდს თოთხმეტი უნივერსიტეტი აქვს თურქეთში და თოთხმეტი კი – უცხო ქვეყნებში. ფათიჰის უნივერსიტეტში 114 ქვეყნიდან 1500 სტუდენტი სწავლობს, ამავდროულად, თურქი სტუდენტების რიცხვი 14000–ია. მზარდი ავტორიტეტის ფონზე, მათ დიდი სურვილი აქვთ, რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დაამყარონ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, როგორც ასევე ავტორიტეტულ და პერსპექტიულ უმაღლეს სასწავლებელთან.

პროფესორმა ალი თეკალანმა აღფრთოვანება გამოთქვა საქართველოს სილამაზის გამო. აღნიშნა, რომ პირველი ფოტოს გადაღება სწორედ აქ მოუნდა. სამახსოვროდ მან ერთი ფოტო საექსპოზიციოდ და თავისი ფოტოების ალბომი გადასცა თსსუ–ის რექტორს. ქართულმა მხარემ სტუმრებს საპასუხოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.