საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფონდის მიერ თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ალექსანდრე თავართქილაძის ორი პროექტი დაფინანსდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ფონდის მიერ თსსუ-ის ასოცირებული პროფესორის ალექსანდრე თავართქილაძის ორი პროექტი დაფინანსდა

მედიცინაში ინოვაციური პროექტების დანერგვის, განვითარებისა და დაფინანსების მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით 7 მილიარდი ევრო გამოიყო.  

აღსანიშნავია, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, რისკ-ფაქტორების სპექტრის ძიების და პრევენციის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით წარდგენილ ათას დაფინანსებულ პროექტს შორის ორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ალექსანდრე თავართქილაძეს ეკუთვნის.

პირველი პროექტი ,,აქტივირებული T უჯრედების და ღეროვანი უჯრედების ტრასპლანტაცია სოლიდური სიმსივნეების ქიმიო და იმუნორეზისტენტობის დროს“ გულისხმობს სოლიდური სიმსივნეების (სიმსივნეების რომელიც ვითარდება მკვრივ ორგანოებში) მკურნალობაში უჯრედული იმუნოთერაპიის გამოყენებას.

ხოლო ფონდის მიერ დაფინანსებული მეორე  პროექტი ,,ინტრავენური გამოყენების ბაქტერიოფაგები კლინიკურ პრაქტიკაში, სიმსივნურ დაავადებასთან ასოცირებული ბაქტერიული სეფსისის დროს" მოიცავს სიმსივნესთან ასოცირებული სეფსისის ბაქტერიოფაგებით მკურნალობას.

“აღნიშნული კვლევები, განსაკუთრებით ბაქტერიოფაგების მიმართულებით, ახალ გზებს სახავს ინოვაციური ფარმაცევტული ტექნოლოგიების განვითარებაში, რასაც ვფიქრობთ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის.  

განხილული ინოვაციური პროექტები, ასევე, დიდ როლს შეასრულებს თსსუ-ის სტუდენტთა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხარისხის ზრდის მიმართულებით, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე თავართქილაძემ.

პროექტები ქართულ-ფრანგული  ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის  ფარგლებში ,,პერსონალური მედიცინის ინსტიტუტსა“ (საქართველო) და ,, Gustave Roussy“ კიბოს კვლევის ინსტიტუტში (საფრანგეთი)  განხორციელდა და მიღებულია საფრანგეთის სამედიცინო მეცნიერებათა განვითარების ორგანიზაციის მიერ.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გულითადად ულოცავს ალექსანდრე თავართქილაძეს ამ დიდ აღიარებას.