უკრაინის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უკრაინის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია უკრაინაში გაეროს განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  დელეგაცია (UNDP)  პროგრამის კოორდინატორის,  ქალბატონ ოლენა რუდიჩის ხელმძღვანელობით.  ვიზიტი განხორციელდა გაეროს ხელშეწყობის პროგრამის - ”რეფორმები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში; გამჭვირვალობის ხელშეწყობა - საქართველოს გამოცდილების გაზიარება” ფარგლებში.  დელეგაციის წევრები იყვნენ უკრაინის სამედიცინო სფეროსა და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. 

სტუმრებს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, თსსუ-ის ვიცე რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე; მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით თოფურია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი თინათინ კილასონია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე. 

ვიცე-რექტორმა ხათუნა თოდაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების  შესახებ, ხოლო ვიცე-რექტორმა ირაკლი კოხრეიძემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო კლინიკების შესახებ.  შეხვედრის ბოლოს უკრაინელ სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.