Ultradent-ის  კონფერენცია სოლთ–ლეიქ–სითიში

Ultradent-ის კონფერენცია სოლთ–ლეიქ–სითიში

18-30 აპრილს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე და ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე იმყოფებოდნენ კორპორაცია Ultradent-ის  მიერ მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე სოლთ-ლეიქ-სითიში (იუტა, აშშ).

კონფერენცია მიეძღვნა კბილთა რესტავრირებისა და ენდოდონტიური მკურნალობის თანამედროვე საკითხებს. ამავე კონფერენციაზე მოხდა ახალი კომპოზიციური ვინირების სისტემის edelweis-ის პრეზენტაცია. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ Ultradent-ის პროდუქტებით კბილთა გათეთრების, რესტავრირების, ენდოდონტიური მკურნალობისა და პირის ღრუს იზოლაციის საშუალებები ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე ნაცნობია სალექციო კურსიდან. მათ აქვთ საშუალება პრაქტიკულ მეცადინეობებზე  გამოიყენონ ეს ყველაფერი პაციენტების მკურნალობისას. შესაბამისად, ამ საკითხებისადმი განახლებული მიდგომა  და თანამედროვე მიღწევების დანერგვა სასწავლო პროცესის დახვეწაშიც თავის წვლილს შეიტანს. უკვე აღვნიშნეთ, რომ კონფერენციის განსაკუთრებული სიახლე Edelweis–ის სისტემა იყო. ანონსი მისი შექმნის თაობაზე პირველად ჟენევაში პროფესორ დიდიე დიჩის მიერ გაჟღერდა. 2014 წელს კი Ultradent–მა მისი პროდუცირება დაიწყო. ფაქტობრივად, სწორედ ჩვენი ვიზიტის დროს დაემთხვა მისი ოფიციალური კლინიკური აღიარება.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა მასტერ-კლასები (hands-on), სადაც ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა ახალი მეთოდიკები შეესრულებინა ფანტომ-მულაჟებზე.  ლექციები და მასტერ-კლასები ჩაატარეს სტომატოლოგიის სფეროში კარგად ცნობილმა, ავტორიტეტულმა პროფესიონალებმა: დენ ფიშერმა, კარლოს სპირონელმა და ჰალ სტიუარტიმ.