2019 წლის 24 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“ განმახორციელებელი ფრანგული მხარის, საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის დირექტორი სოფი სილვესტრი და პროფესორი მუნოზ მარილენი. ვიზიტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის, ,, უცხოელი პროფესორების ვიზიტების პროგრამის", ფარგლებში განხორციელდა.
სტუმრებმა წაიკითხეს ლექცია ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე, გამართეს შეხვედრა პროგრამის რიგით მეხუთე კურსდამთავრებულებთან და მათ ფრანგული დიპლომები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის ფაკულტეტზე 2012 წლიდან მოქმედებს საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“. პროგრამა ხორციელდება ფრანგულ მხარესთან, მენეჯმენტის და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-თან ერთად. ხაზგასასმელია, რომ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ორი დიპლომი, ერთი რომელიც ქართული მხარის მიერაა აღიარებული, ხოლო მეორე - საფრანგეთის მხარის მიერ.
პროგრამაზე პირველივე კურსიდან ხდება ფრანგული ენის ინტენსიური სწავლება, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ, სურვილის შემთხვევაში, სწავლა განაგრძონ მენეჯმენტის და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის მაგისტრატურაში.
ღონისძიება გახსნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმრები.
,,ამ პროგრამის მიმართ აბიტურიენტების და სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რადგან ეს ის ერთეული შემთხვევაა, როდესაც შეგიძლია აიღო როგორც საქართველოში, ასევე ევრო კავშირის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაში, საფრანგეთში აღიარებული დიპლომი. ვფიქრობ აღნიშნული მნიშვნელოვნად წაადგება პროგრამის კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობისა და კარიერული წინსვლის საქმეში“. აღნიშნა ბატონმა ირაკლი მჭედლიშვილმა.
საფრანგეთის მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემია ,,UniMan”-ის დირექტორმა, ქალბატონმა სოფი სილვესტრემ, პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა კურსდამთავრებულებს, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფრსორმა ზურაბ ვადაჭკორიამ კურსდამთავრებულებს კარიერული წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და ფრანგული მხარე მათი მუდმივი მხარდამჭერები იქნებიან.