VII ეროვნული კონგრესი ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში

VII ეროვნული კონგრესი ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში

2012 წლის 5-8 ოქტომბერს წყალტუბოსა და ბათუმში ჩატარდა VII ეროვნული კონგრესი ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში. კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონგრესის მუშაობაში, ქართველ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანმა მეცნიერებმა. მათ შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი აარონ ჩიხანოვერი (ისრაელი), პროფესორი სამი ბაჰნა - ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტი (ACAAI) (აშშ), პროფესორი კონსტანტინ ჩესნულევიჩიუსი (გერმანია), პროფესორი სანჯივ გუფთა (აშშ), პროფესორი დიტრიხ კაბელიტსი - გერმანიის იმუნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, (გერმანია), პროფესორი ზაალ კოკაია - ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი (შვედეთი), პროფესორი ტორელო ლოტი (იტალია), პროფესორი ელი მაგენი (ისრაელი), პროფესორი ვერონიკ დელ მარმოლი (ბელგია), პროფესორი სეპო მერი - იმუნოლოგიურ საზოგადოებათა საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი (ფინეთი), პროფესორი რავი ნეარი (აშშ), პროფესორი ნიკოლაოს პაპადოპოულოსი - ევროპის ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის მომავალი პრეზიდენტი, (საბერძნეთი), პროფესორი რუბი პავანკარი - ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი (იაპონია), პროფესორი თოდორ პოპოვი - ასთმოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი (ბულგარეთი), პროფესორი ქრისტიან შეცლინი (გერმანია), პროფესორი ჰანს სტოკინჯერი - იმუნოლოგიური საზოგადოებების ევროპული ფედერაციის ხაზინადარი (ავსტრია).

     

კონგრესის პროგრამა შედგებოდა პლენარული სექციების, სიმპოზიუმების, ალერგიის სკოლისა და სააქტო ლექციებისაგან. ჩატარდა ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ერთობლივი სიმპოზიუმი.

ნობელის პრემიის ლაურეატის აარონ ჩიხანოვერის სააქტო ლექციის თემა მომავლის მედიცინას ეხებოდა. მედიცინის განვითარების ისტორიისა და დღევანდელი მიღწევების ანალიზის საფუძველზე მან წარმოადგინა მეტად საინტერესო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება დაავადებათა მკურნალობის ტაქტიკა ახლო მომავალში, რა პრობლემებს გადავლახავთ და სირთულეების წინაშე დავდგებით.

პროფესორ იური მალაშხიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია წაიკითხა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ, აკადემიკოს ვლადიმერ ბახუტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სააქტო ლექცია – გერმანიის იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა დიტრიხ კაბელიტსმა, აკადემიკოს გურამ გურგენიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციები წაიკითხეს, პროფესორებმა: მაია გოთუამ და თოდორ პოპოვმა, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სააქტო ლექცია წაიკითხა აკადემიკოსმა ქეთევან ნემსაძემ.